„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგიასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიის ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მანგანუმის მოპოვების მკვეთრმა ზრდამ, ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა. ახალი დაბალფასიანი და მაღალხარისხიანი კონცენტრატის გამოჩენამ ქართული მადნის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. მათივე განცხადებით, ჭიათურაში ისედაც შემცირებული მადნის რეზერვების ათვისება ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
კომპანია განმარტავს, რომ მსოფლიო მანგანუმის მადნის მოპოვებაში საქართველოს წილი მხოლოდ 2%-ია და არსებული გლობალური რეალობის გათვალისწინებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის საწარმოებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე მადნის მოპოვების ეფექტიანობის ზრდას წლების განმავლობაში ცდილობდა.
„საოპერაციო ხარჯების ზრდის მიუხედავად, ქალაქის ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებდა დასაქმებულთა მოთხოვნებს. 2019 წლიდან 2024 წლამდე, თანამშრომლების სამი ფართომასშტაბიანი გაფიცვის, მოსახლეობის მხრიდან მუდმივი ხელშეშლისა და მოპოვებითი სამუშაოების პარალიზების მიუხედავად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასის ფონდი თვეში 3 მილიონი ლარიდან 8.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ხელფასის წილი 1 ტონა კონცენტრანტში თუ 2019 წელს 93$ იყო, დღევანდელი მონაცემით 245$-მდეა გაზრდილი. საბოლოოდ, მსოფლიო ბაზარზე კონცენტრატის ფასის კლების პარალელურად, ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წამგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც კომპანიამ დასაქმებულებს 2025 თებერვლის თვის 60% ვეღარ გადაუხადა. ხელფასის დაგვიანების გამო კომპანიამ ჭიათურაში მორიგი გამოსვლა მიიღო, რაც საბოლოოდ შუქრუთის მოსახლეობასთან ერთობლივ პროტესტში გადაიზარდა. მათი მთავარი მოთხოვნა კი ქალაქიდან ინვესტორის გასვლაა“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის სრულად ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.