logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1729496249

2024 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.8 პროცენტიანი მატება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

2024 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 2.8 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.5 პროცენტი), რამაც 0.37 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.3 პროცენტი) და სასმელებზე (1.0 პროცენტი).

გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28.0 პროცენტი);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.52 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (18.4 პროცენტი);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.72 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.5 პროცენტით გაიზარდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 8.2 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 3.2 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 8.5 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 9.2 პროცენტიანი ზრდა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 2.0 პროცენტით კლება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.2 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 16.5 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.5 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 22.8 პროცენტით

გამოგვყევით