აკადემიკოსი, ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, რომ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობების დალაგების საჭიროება არსებობს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო.
"იზოლაცია ყოველთვის საფრთხეებს მოიცავს. ამ საფრთხეების წინაშე დგას საქართველო, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია. ყველაფერი გარკვეულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა საჭიროებს დალაგებას, ამას ვხედავთ. არის თუ არა ალბათობა იმისა რომ ეს დალაგდეს?. ტრამპის ადმინისტრაციასთან დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობის დალაგების უფრო მეტი ალბათობა აქვს, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ამიტომ მაინცდამაინც პესიმისტურად ნუ შევხედავთ. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორ დასრულდება ომი უკრაინასთან. მოლაპარაკებები როგორ შედგება ეს რთული სათქმელია. ტრამპი საერთოდ თვლიდა, რომ ერთ დღეში დაასრულებდა ამ ომს, მაგრამ თვითონაც მიხვდა, რომ ეს ასეთი მარტივი არ ყოფილა. ნებისმიერ შემხთვევაში იმის ალბათობა, რომ საქართველოში იყოს რყევები არის დამოკიდებული იმაზე, რა მასშტაბის იქნება გლობალური პროცესები. თუმცა საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობებიც და ამას უნდა კარგი გამოყენება,"-აღნიშნავს ვლადიმერ პაპავა.
მისივე თქმით, 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც იგეგმება საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში, ორ პოზიტიურ სცენარს განაპირობებს.
"ამ ინვესტიციაში მე ვხედავ ორ პოზიტიურ ამბავს. ერთი - უცხოური ვალუტის შემოდინება და მეორეა, დადებითი სიგნალი ინვესტორებისთვის. მე, როგორც ეკონომისტს, მირჩევნია რომ ქვეყანაში შემოდიოდეს არა ისეთი ინვესტორი, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს, არამედ ააშენებს ქარხნებს და იქნება ინკლუზიური ზრდა. არაბულ ინვესტორს და მათ პოზიციას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. უბრალოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში სადაც არის სამშენებლო ბუმი ეს ქმნის პოტენციურ შესაძლებლობას კრიზისის, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა კი არ არის, გლობალური პრობლემაა,"-აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.