logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ჯუბო ტურაშვილი: აჭარაში ამ დროისათვის ბუნებრივი აირი მიეწოდება 118 000-ზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი რეგიონის 80%-ზე მეტია

ჯუბო ტურაშვილი: აჭარაში ამ დროისათვის ბუნებრივი აირი მიეწოდება 118 000-ზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი რეგიონის 80%-ზე მეტია

1718781262

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა.

გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ. ამჟამად გაზიფიცირების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში -  მაჭახლისპირში, სინდიეთში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუტუნეთსა და ჩიქუნეთში მიმდინარეობს, სადაც ჯამურად აშენდება  65,565 გრძივი მეტრი გაზსადენი, 360 ადგილობრივ აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. 

სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, მახინჯაურის მუნიციპალიტეტის გარდა, გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმატებით ხორციელდება ქედის, შუახევისა და ხულოს დასახლებებშიც.

მისი თქმით, აჭარის რეგიონის გაზიფიცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სხვა სახის ბიზნესის, განსაკუთრებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას, ასევე დადებითად აისახება ეკოლოგიურ ვითარებაზეც. ჯუბო ტურაშვილის ინფორმაციით, აჭარაში გაზიფიცირების პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის ბუნებრივი აირი მიეწოდება 118,000 - ზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი რეგიონის 80 პროცენტზე მეტია.გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, აჭარაში სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში, დაბა ხულოსა და დაბა შუახევში.

მომდევნო წლებში,  აჭარის რეგიონში, დაგეგმილია დამატებით  31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც  2,438 აბონენტს მოიცავს.გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 828 დასახლებული პუნქტი და 199 250 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა.

11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაოები მიმდინარეობს 4 რეგიონის, 9 მუნიციპალიტეტის, 41 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების დასრულების შემდეგ 6405 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93 % -ს მიაღწევს.

გადაცემები

გამოგვყევით