დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მაღალი მოგების მიღება და სქემაში სხვა პირების მოზიდვის მოთხოვნა — ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომლითაც მოქალაქეებს ე.წ. ფინანსური პირამიდების იდენტიფიცირება შეუძლიათ. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი სქემები ქვეყანაში აქამდეც იყო, ახლაც არსებობს და სავარაუდოდ, სამომავლოდაც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პერიოდულად ფორმას იცვლიან, მათი არსი უცვლელი რჩება.
„კონკრეტულად, არის იმის დაპირება ხოლმე, რომ მომხმარებელი დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მიიღებს ძალიან დიდ სარგებელს, რაც ხშირად იმაზე მეტია, ვიდრე ეს ბაზარზე ხდება, თუნდაც საპროცენტო განაკვეთების სახით. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი მომხმარებელს ჰპირდებიან, რომ სწრაფად გამდიდრდება და ამისთვის მინიმალური ძალისხმევაა საჭირო, შესაძლოა, სარისკო საქმიანობასთან გვქონდეს საქმე“, — აცხადებს გზირიშვილი.
როგორ მუშაობს ფინანსური პირამიდა და რატომ იშლება ის?
სქემა პირობას დებს, რომ ინვესტირებულ თანხას გარკვეულ საქმიანობაში ჩადებს, მიღებულ მოგებას კი მონაწილეებს გაუნაწილებს. თუმცა, რეალობაში მონაწილეებს არავითარი რეალური საქმიანობა არ აქვთ — თანხას დებენ და ასრულებენ მარტივ ოპერაციებს, თითქოს მათი კაპიტალით კრიპტობირჟაზე ვაჭრობენ. რეალურად კი ძველი ინვესტორებისთვის თანხის გადახდა ახალმოსული წევრების მიერ შემოტანილი სახსრებით ხორციელდება.
იმისათვის, რომ მსგავსმა სქემამ იფუნქციონიროს, მუდმივად ახალი წევრების მოზიდვაა საჭირო. გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი ნაკადი წყდება და თანხის მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს და სქემა იშლება.
როგორ გადავამოწმოთ კომპანია?
ლაშა გზირიშვილის განცხადებით, სქემაში ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ სხვების მოზიდვის მოთხოვნაა. გარდა ამისა, ასეთ ორგანიზაციებს არ აქვთ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია და არ ექვემდებარებიან არცერთ მარეგულირებელ უწყებას.
საქართველოში, თუ ორგანიზაცია ფულად სახსრებს იზიდავს, მას სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია, რომლის გადამოწმებაც სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს?
სებ-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფინანსური ორგანიზაციებისთვის წესების შემუშავება და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მსგავსი სქემა საერთოდ არ არის რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში და მის ზედამხედველობას არ ექვემდებარება, მარეგულირებელს ფიზიკურად არ აქვს ბერკეტი, რომ მათი საქმიანობა აღკვეთოს. ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ სებ-ის მთავარი ამოცანა საზოგადოების დროული ინფორმირებაა.