საქართველოს ეროვნული ბანკი რისკების მაქსიმალურად გათვალისწინებიდან გამომდინარე იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და სწორედ ასეთმა ქმედებებმა მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ გვაქვს ფასების სტაბილურობა. ამავდროულად, საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტალები, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი2“-ზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ამჟამად ინფლაციური კუთხით პოზიტიური ტენდენციებია. "ინფლაციური კუთხით პოზიტიური მოლოდინები და ტენდენციები გვაქვს. 2023 წლის დასაწყისიდან, წელიწადნახევარზე მეტია ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება. ეს კი პირველ რიგში, თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ჩვენი მოლოდინით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს დაბალი შენარჩუნდება. თუმცა საგარეო ინფლაციური რისკებიც სახეზეა. აქედან გამომდინარე, სებ-ი ფრთხილ მიდგომას ირჩევს.“, - აღნიშნა - სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა.
მისი განმარტებით, ნეიტრალური განაკვეთი არის ორიენტირი იმისა თუ სად ჩამოყალიბდება საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
„თუ ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ეს ტენდენციები რაც დღეს გვაქვს შენარჩუნდა, საშუალოვადიან პერიოდში, სხვა თანაბარ პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე შემცირდება“, - დასძინა მან.
ამასთან, თამთა სოფრომაძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და წამყვანი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის მიდგომა უნდა იყოს რისკების სწორი მართვა და რისკების მენეჯმენტი. თამთა სოფრომაძის განმარტებით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ცენტრალური ბანკისთვის არის ინფლაცის პროგნოზი.
„რისკების მენეჯმენტი გვეუბნება, რომ ცენტრალურმა ბანკმა ისეთი ოპტიმალური გზა უნდა ნახოს, რომ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ეკონომიკური ხარჯები იყოს მინიმალური, სებ-ი სწორედ ამ სტრატეგიით მართავს მონეტარულ პოლიტიკას და შედეგად გვაქვს ფასების სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტები“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.