logo
Loading data...

წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკიდან: "კითხვა ყოველ ჯერზე მიყვარდება, როცა ახალ წიგნს ვშლი" - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკიდან: "კითხვა ყოველ ჯერზე მიყვარდება, როცა ახალ წიგნს ვშლი" - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

1716208248

წყარო: argacherde.bog.ge

რთულია, გაიხსენო, როდის გაიცანი მშობლები, აღიქვი პირველად საკუთარი სახელი, ისწავლე ოცნება ან შეიყვარე წიგნების კითხვა, თითქოს მთელი ცხოვრებაა, ისედაც ასეა, მაგრამ თუ მაინც მომიწევდა საკუთარ მოგონებებში ძრომიალი, ალბათ ჩემი შინაგანი მემატიანე ბიბლიოთეკიდან „ბიძია თომას ქოხს“ გამომაწვდიდა. ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ამ მშვენიერი რომანის წაკითხვა ძალიან ადრე მომივიდა, ასე 6 წლის ასაკში, აბოლიციონიზმის მანიფესტად ქცეულ ამ წიგნში ხომ არაერთი მტკივნეული პასაჟია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ასე არაა, რადგან ბიძია თომამ ბავშვობიდანვე გამიმძაფრა ადამიანებისადმი თანაგანცდა, გამიჩინა განსხვავებულთა ჩაგვრის აუტანლობა და მასწავლა, რა არის სისასტიკე და რა – ლმობიერება.

შესაძლოა, მას შემდეგ გადავწყვიტე, მეც მეწერა წიგნები და მომეთხრო ადამიანებისთვის სხვადასხვა საოცარი ამბავი, რომლებიც მათში ბასრ ემოციებს აღძრავდა. არ ვიცი, ოდესმე თუ დავწერ წიგნს, რომლითაც ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებ, მაგრამ მე რომ უმბერტო ეკო ვყოფილიყავი და „ვარდის სახელი“ დამეწერა, ალბათ, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და ვიტყოდი – „ცხოვრება შედგა“. ესაა რომანი, რომელიც დღემდე აღტაცებას იწვევს ჩემში, როგორც სიუჟეტით, ისე ინტელექტუალური სიმდიდრითა თუ დრამატურგიული მრავალფეროვნებით.

ისე, უმბერტო ეკოს გამეორება აღარ ღირს, მაგრამ ღირს ახალი ქართული ლიტერატურის შექმნა, რომელიც უკვე საკმაოდ მსუყეა. როცა პირველად წავიკითხე აკა მორჩილაძის „სანტა-ესპერანსა“, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, რომ არასოდეს დამავიწყდებოდა არც ამ წიგნის ცალკეული პერსონაჟები და არც ლიტერატურული პასაჟები. დღემდე მგონია, რომ გამოგონილი კუნძულების შესახებ დაწერილი ეს რომანი არის საუკეთესო წიგნი საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ამასთანავე, მშვენიერი საშუალებაა თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესაყვარებლად.

ლიტერატურის შეყვარება კი ძვირფასი საქმეა. თუ შეიყვარე, მერე უკან გზა მოჭრილია. შეიძლება გზად ათასი იმედგაცრუება შეგხვდეს, მაგრამ მთელი ეს პროცესი ათასმეერთე აღფრთოვანებად ღირს. სულ ბოლო ასეთი აღფრთოვანებისთვის თომას ბერნჰარდს ვუმადლი, კერძოდ კი მის ტრილოგიას -„ტყის ჩეხას“, „დაღმამავალს“ და „ძველ ოსტატებს“. არ მეგონა თუ ამ ასაკში რომელიმე ავტორი ახალ ლიტერატურულ ხერხებს აღმომაჩენინებდა, ხელოვნებისთვის განსხვავებული რაკურსით შემახედებდა და შემოქმედებით საწვავსაც კი მომცემდა, მაგრამ ბერნჰარდმა ეს მოახერხა. სხვათა შორის, არ შეიძლება აქ მაია ფანჯიკიძის უბრწყინვალესი თარგმანები არ აღვნიშნოთ, რომელთა დამსახურებითაც ეს ურთულესი ტექსტები შესანიშნავად გადმოქართულდა.

ბოლო დროს ბევრს ვურჩიე ბერნჰარდის წაკითხვა, რაც სარისკო საქმეა, მისი საკმაოდ თავისებური სტილიდან გამომდინარე, თუმცა არის წიგნები, რომელთა შემთხვევაშიც წარმატება გარანტირებულია, ამიტომ შეგიძლია თამამად ურჩიო სხვებს. იცი, მოეწონებათ. ერთ-ერთი ასეთი წიგნია ხუან რულფოს „პედრო პარამო“. ასე მგონია, ვისაც არ მოსწონთ, იმათაც მოსწონთ. ესაა მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი ერთ-ერთი პირველი რომანი, რომელიც ვიღაცისთვის საკუთარი თავის ძიებაზეა, ვიღაცისთვის – მთავარ ადამიანურ სიყვარულებზე, ვიღაცისთვის კი – ამოუხსნელ მისტიკაზე, რომელიც მუდმივად თან სდევს ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს.

ჰო, მართლა, ზემოთ იმედგაცრუებები ვახსენე და ბარემ მაგაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ხანდახან ისეც ხდება (და საკმაოდ ხშირადაც), რომ უამრავ ქებას ისმენ წიგნზე, კვდები ინტერესით, ერთი სული გაქვს წაიკითხო, შენც განიცადო ემოციების ეს ქარბორბალა, ჩაიგდებ ხელში, კითხულობ და... აბა ემოციები? აბა ლიტერატურული ღირებულებები? რა გითხრათ, რით გაგახაროთ. დიდხანს საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებდი, მაგრამ ეგეთი წიგნი იყო ჩემთვის იენ მაკიუენის „ცემენტის ბაღი“. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, სიუჟეტს სიმძაფრეც არ აკლია, პრობლემაც მკაფიოა და სიტუაციის ტრაგიზმიც, მაგრამ არა რა... სამწუხაროდ ძია იენთან ვერაფერი ვიპოვე, ვერაფერი გავიზიარე.

სამაგიეროდ პოვნა და გაზიარება იმ წიგნში უნდა ნახოთ, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ინაცვლებს ჩემი საწერი მაგიდიდან და რომელმაც საკუთარი მთავარი გმირივით ავტორის აშენებულ ციხესიმაგრეში გამომამწყვდია, უდაბნოსკენ მაცქერალი, რაღაცის მოლოდინში... ჰო, დინო ბუცატის „თათრების უდაბნო“ მაქვს მხედველობაში. ეს კალკი არ გეგონოთ, ჯოვანი დროგოც ხომ მუდმივად გასცქერის ამ უსასრულო სივრცეს. ბუცატის ხშირად ვუბრუნდები და თითქოს ისიც ყოველთვის მზადაა კითხვები მიიღოს, სიცარიელეში ჩამახედოს და იქ პასუხები მაპოვნინოს.

ახლა დავფიქრდი და მივხვდი, მგონი, წიგნების კითხვა ყოველ ჯერზე მიყვარდება, როცა ახალ წიგნს ვშლი წასაკითხად. მგონი ეს მუდმივგანმეორებადი პროცესია და ყოველთვის განსხვავებულად ხდება. თუ დამიჯერებთ, ბევრს ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა წაიკითხოთ, უბრალოდ იკითხეთ, ამ პროცესში იმედგაცრუებებსაც და აღმოჩენებსაც თავისი ადგილი აქვთ და წარმოუდგენელნი არიან ერთმანეთის გარეშე.

იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. დღეს იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს და 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას საგანმანათლებლო რესურსებზე. წიგნები იდეათეკიდან კი საქართველოს ბანკის ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით