უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება, რაც კონკურენციის ზრდით არის განპირობებული, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსმა ანა ბუიანოვამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შიდა განვადებით მოსარგებლე მომხმარებელთა უმეტესობა პროექტის დასრულების ეტაპზე მაინც საბანკო პროდუქტზე, ანუ იპოთეკურ სესხზე გადადის.
"კონკურენტული გარემოდან გამომდინარე თითოეული დეველოპერი ცდილობს მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებული პირობები შესთავაზოს. თუმცა ამას ბანკისთვის გამოწვევად ვერ ვიღებთ, რადგან საბოლოო ჯამში მომხმარებლები, რომლებიც შიდა განვადებით სარგებლობენ უმეტესობა პროექტში დასრულების ბოლოსთვის საბანკო პროდუქტზე, ანუ იპოთეკურ სესხზე გადმოდიან და შესაბამისად, ბანკში მომართვიანობა ბინების გაყიდვასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმატებს. მომხმარებლები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გათვიცნობიერებულები არიან სხვადასხვა საკითხში. მათ შორის, როგორ შეარჩიონ უძრავი ქონება, რა უფრო უპირატესია მათთვის - შიდა განვადებით სარგებლობა თუ იპოთეკური სესხი. ამიტომ,ვფიქრობ, რომ იპოთეკურ სესხზე პროექტის საწყის ეტაპზე მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ერთი შეხედვით, როდესაც ვუყურებთ 0%-იან შიდა განვადებას, რომელიც გარკვეულ პერიოდზეა გადანაწილებული - ეს შეიძლება მომხიბვლელი იყოს, მაგრამ რეალურად აქ უნდა შევხედოთ იმას, საბოლოო ჯამში რისი გადახდა უწევს მომხმარებელს. 0%-იანი შიდა განვადების დროს უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვადრატული მეტრის ღირებულება გაცილებით გაზრდილია, ვიდრე იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ან ერთიანი გადახდის შემთხვევაში. როდესაც ვსაუბრობ, რომ მომხმარებელი გაიზარდა. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ისინი აქტიურად მიმართავენ SOLO ბანკირებს და ცდილობენ, გადათვალონ და დაიანგარიშონ რა უფრო უპირატესია. შემდეგ, როდესაც ადარებენ ერთმანეთს იპოთეკურ პროდუქტს და შიდა განვადებას, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა უფრო მეტად სარისკო პროდუქტი იყოს, საწყისშივე თითქოს ჩნდება ტენდენცია, რომ მომხმარებელი იპოთეკური სესხით ინტერესდება. მინიმუმ ინტერესდება იმით ესა თუ ის პროექტი არის თუ არა ბანკის პარტნიორი, რადგან როდესაც პროექტი მივა დასასრულისკენ შეძლებს თუ არა ის იპოთეკური პროგრამით სარგებლობას", - აცხადებს ანა ბუიანოვა.