სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონებში, აკუპუნქტურის კლინიკებსა და სხვა არასამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კონტროლი გამკაცრდება.
ამის შესახებ საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაშია ნათქვამი. განმახორციელებელ ორგანოდ ჯანდაცვის სამინისტროა მითითებული.
„არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგ.: სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონები, აკუპუნქტურის კლინიკები და სხვა) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერისა და მუდმივი მონიტორინგის მიზნით განხორციელდება სტერილიზაციის, დეზინფექციის, უსაფრთხო ინექციებისა და ნარჩენების მართვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება, რომელიც მკაფიოდ აღწერს შიდა და გარე ხარისხის კონტროლის პროცედურებს. პერმანენტულად განხორციელდება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი სილამაზის, ტატუირების, პირსინგისა და აკუპუნქტურის სალონებსა და დაწესებულებებში და ჩატარდება სილამაზისა და კოსმეტიკის სალონების მომსახურე პერსონალის უწყვეტი ტრენინგები ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საბაზისო საკითხებზე,“ - აღნიშნულია სტრატეგიაში.
გეგმის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტლისთვის ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი უკვე ჩატარებული უნდა იყოს აღნიშნულ დაწესებულებებში. სამიზნედ აღებულია 20 სალონი.
ამასთან, სილამაზისა და კოსმეტიკის სალონების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდება ტრეინინგი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საბაზისო საკითხებზე. სამიზნე 100 პირია. ამ მიზნით სახელმწიფო 11 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს.
დოკუმენტის თანახმად, გატარებული ზომების შედეგად, 2025 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ანტისხეულებზე ტესტირებული უნდა იყოს მოსახლეობის 90%, C ჰეპატიტზე დადებითების 90% კი ნამკურნალები ან მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან ქვეყანაში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
jandacva.ge