logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"გლობალური გამოწვევები და მომხმარებელთა დაცვის ახალი სტანდარტები" - ინტერვიუ UNCTAD-ის ხელმძღვანელთან

14-17 სექტემბერს თბილისმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN)  კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემაა „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ იყო. ღონისძიებაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობდა.  

კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს  ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე უფრო ვრცლად გაეროს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, რემი ლანგმა, მაკა ქოჩლაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.  

  • რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში, ჩვენ ყველა მომხმარებელი ვართ და ყოველდღიურად ვყიდულობთ პროდუქტებს, იქნება ეს ბაზარში, მაღაზიებში თუ ონლაინ. შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოების საქმიანობა თითოეულ ჩვენგანს ეხება. გლობალიზებულ სამყაროში, სადაც  პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, აუცილებელია, რომ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისმა სააგენტოებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. მათ უნდა შეძლონ ინფორმაციის გაცვლა როგორც პროდუქციის ხარისხთან, ისე მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ კონფერენციის ორგანიზება ძალიან კარგად უზრუნველყო. ბოლო სამი დღის განმავლობაში გვყავდა შესანიშნავი მომხსენებლები და  ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

  • რა არის დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მთავარი გლობალური ტენდენციები?

სამ ძირითად ტენდენციას გამოვყოფდი. პირველი არის დიჯიტალიზაცია -  ჩვენ სულ უფრო მეტ პროდუქტს ვყიდულობთ ონლაინ. ელექტრონული კომერცია ყველგან იზრდება, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ჩნდება ახალი რისკები. გაციფრულების გარდა, ფიზიკურ ბაზარზეც მნიშვნელოვანი ტენდენციები გვაქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრი ვისაუბრეთ ინფლაციაზე, ფასების ზრდასა და იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის ხშირად გაუმჭვირვალეა, რატომ იზრდება ფასები. ეს დღესაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ტენდენციაა ხელოვნური ინტელექტი.

  •  რატომ არის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად? 

ბოლო სამი დღის განმავლობაში არაერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენი ვაჭრობის დიდი ნაწილი და ის პროდუქტები, რომლებსაც მოვიხმართ, საზღვრებს შორის გადაადგილდება. თუ ასეთ პროდუქტთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიქმნება, ჩემი ქვეყნის შესაბამის ორგანოს შეუძლია საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედოს, თუმცა მას არ აქვს უფლებამოსილება სხვა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ეს კონფერენციაც საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის უწყებების ერთ სივრცეში შეკრება. როდესაც რომელიმე ქვეყანა კონკრეტული პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტას პოულობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილების შესახებ სხვა ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმაც შეიტყონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და შედარებით ნაკლები რესურსის მქონე ქვეყნებისთვის. ჩვენ კონფერენციაზე სწორედ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლებიც გვყავდა.

  •  ციფრული ბაზრები ძალიან სწრაფად ვითარდება. რა არის მომხმარებლებისთვის მთავარი გამოწვევები ციფრულ სამყაროში?

მართლაც, ელექტრონული კომერცია ძალიან სწრაფად იზრდება. მას ბევრი პრობლემა ახლავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი სარგებელიც აქვს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასამართლიანი პრაქტიკებია. მაგალითად, შეცდომაში შემყვანი ონლაინ რეკლამა, როდესაც პროდუქტი კონკრეტული მახასიათებლებით არის რეკლამირებული, მაგრამ შეძენის შემდეგ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ რეალურად ის ასეთ მახასიათებლებს არ აკმაყოფილებს. ასევე, დაუზუსტებელი ფასები. არსებობს მომხმარებელზე ზემოქმედებისა და მანიპულაციის სხვადასხვა ფორმაც, რასაც ე.წ “დარქ პატერნებს” ვუწოდებთ. მაგალითად, კონფერენციის ფარგლებში, მოვისმინეთ ძალიან მძიმე შემთხვევა აფრიკის ერთ-ერთ პატარა ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშების კომპანიები ონლაინ რეკლამის საშუალებით ადამიანებს თამაშში ჩართვისკენ უბიძგებდნენ, რის შედეგადაც მათ დიდი თანხები დაკარგეს.

  •  როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელთა დაცვის სფეროს და რა ახალი რისკები შეიძლება შექმნას მომხმარებლებისთვის?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობდით. ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლების მანიპულირების კუთხით გარკვეულ რისკებს ქმნის. AI-ის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ, მომხმარებლის შესახებ ონლაინ სივრცეში იმაზე მეტი ინფორმაცია მიიღონ, ვიდრე თავად მომხმარებელმა იცის საკუთარ თავზე. მათ შეუძლიათ უკეთ გაიგონ მომხმარებლის მოწყვლადობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შემდეგ ეს ინფორმაცია მის მანიპულირებისთვის გამოიყენონ, მაგალითად, უბიძგონ ისეთი პროდუქტების შეძენისკენ, რომლებიც რეალურად არ სჭირდება. ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის თაღლითობის შემთხვევების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ხელოვნური ინტელექტი ამარტივებს და ეს სერიოზულ რისკს წარმოადგენს. თუმცა, ვფიქრობ, AI-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დადებითი გავლენაც შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც ფასების მონიტორინგისთვის და იმის დასადგენად, ხომ არ ხდება ფასების უსამართლო ცვლილება. ასევე, მისი გამოყენება მომხმარებელთა მხრიდან საჩივრებისა და პრობლემების იდენტიფიცირების დროს ეფექტურია.

  • რა შეიძლება ისწავლონ ქვეყნებმა ერთმანეთისგან ისეთი საერთაშორისო ქსელის ფარგლებში, როგორიც აისიპენია (ICPEN)?

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ICPEN-ის ფარგლებში, არაერთი დისკუსია ვიხილეთ და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ უწყებებისთვის, რომლებსაც ნაკლები რესურსი აქვთ, მათ შორის განვითარებადი ქვეყნების ან ახლად შექმნილი სააგენტოებისთვის. ჩვენ ასევე ვსწავლობთ იმას, თუ რა მეთოდებმა არ იმუშავა. სწორედ ასეთი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, განსაკუთრებით დამაფიქრა იმ ერთიანობისა და თანამშრომლობის განცდამ, რომელიც ICPEN-ში არსებობს. აქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებსა და მიზნებს - დაიცვან მომხმარებლები და რეალურად მზად არიან, დაეხმარონ ერთმანეთს. მაგალითად, ვიცი, რომ საქართველომ წარსულში ICPEN-ის მენტორინგის პროგრამით ისარგებლა. საქართველოს მომხმარებელთა დაცვის უწყების ექსპერტებმა სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და პოლონეთში, ტრენინგები გაიარეს. სწორედ ასეთი  შესაძლებლობას ქმნის ICPEN და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ შესანიშნავი სამუშაო გასწია ძალიან მეგობრული გარემოს შესაქმნელად. თქვენი დიდი სტუმართმოყვარეობის წყალობით, აქ ძალიან კარგად გვიმასპინძლეს და ეს ადამიანებს ეხმარება, თავი კომფორტულად იგრძნონ, უფრო თავისუფლად იურთიერთონ, გამოცდილება და ცოდნა გაცვალონ და ერთმანეთს დაეხმარონ. ვფიქრობ, კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა.

 

გამოგვყევით