logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ცესკოში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცესკოში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

1727786721

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ მათ, სრულფასოვნად ჩაერთონ კომისიების მუშაობაში, რადგან აღნიშნული პროცესის მასშტაბურობა ყველა წევრის ჩართულობას საჭიროებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით. მათ შორის წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური  აპლიკაციის საშუალებითაც სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia - Cesko და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს 5  ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

ასევე გვინდა შევახსენოთ პროცედურები საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს. როგორც ცნობილია, ცესკომ უკვე შექმნა საზღვარგარეთ 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბანი. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.geoconsul.gov.ge/

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (რწმენის გამო,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული (ე.წ. ,,ლამინირებული’’) პირადობის მოწმობითაც, რომლის ჯამური რაოდენობა, სერვისების განვითარების სააგენტოს მოწოდებული მონაცემების თანახმად, შეადგენს მხოლოდ 394-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

ამასთანავე შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ამომრჩეველმა  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება  09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. სიახლეა, ის რომ წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/ .

გამოგვყევით