ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამა ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განახორციელა რეგისტრირებული, არაკატეგორიზებული და არარეგისტრირებული პოტენციური საძოვრების ტერიტორიების იდენტიფიცირება, მათი მდგომარეობის შესახებ საველე მონაცემების შეგროვება და საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ასევე, მიწების კატეგორიზაცია, რის საფუძველზეც მონაცემები შესათანხმებლად სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეგზავნა.
მიმდინარე ეტაპზე, სათიბ-საძოვრის კატეგორიით უკვე რეგისტრირებულია 16 687 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სათიბ-საძოვრების კატეგორიით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რუკა ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე - https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1025
პროექტის ფარგლებში სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დარჩენილი ფართობების იდენტიფიცირებას და საჯარო რეესტრში მათი სათიბ-საძოვრის კატეგორიით რეგისტრირებას. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
პროექტის მიზანია საქართველოში საძოვრების მართვის ეფექტიანი რეფორმებისათვის საფუძვლის მომზადება, საძოვრების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პილოტირება. განხორციელებული სამუშაოები რეგიონში ხელს შეუწყობს მიწის რესურსების უფრო ეფექტიან მართვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
პროექტი ხორციელდება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტის (DiMMAdapt)“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და ადაპტაციის ფონდის (AF) დაფინანსებით.