მეღვინეობა "შუმის" საექსპორტო ბაზრებს წელს ტაჯიკეთი, საფრანგეთი და კანადა დაემატება, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ქვეყნებისა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან. გარდა ამისა, წელს ექსპორტი უკვე განხორციელდა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის - ტაილანდი და ყაზახეთი. აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, მეღვინეობა წელიწადში 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის დაახლოებით, 80% ექსპორტზე იყიდება.
"ტაილანდში კარგად მოვიკიდეთ ფეხი, რამდენიმე პარტია გავგზავნეთ უკვე. ბრაზილიასთან ახლა ფორმდება ხელშეკრულება და ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, სექტემბრისთვის გავაგზავნით პირველ პარტიას. რაც შეეხება ინდოეთს - ეს ისევ მოლაპარაკების საგანია. ამასთან, პირველი პარტია გაიგზავნება ტაჯიკეთში. ასევე, ყაზახეთში აღვადგინეთ ექსპორტი და პირველი პარტია უკვე გავგზავნეთ.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ კანადაში სახელმწიფო მონოპოლიაა და კონკრეტული ორგანიზაცია აკონტროლებს ღვინის შეტანას. შესაბამისად, ჩვენ ჩამოსხმული და გამზადებული გვაქვს ღვინო და ველოდებით შეტყობინებას როდის გავგზავნოთ. სავარაუდოდ, აგვისტოში განხორციელდება ეს მიწოდება. ასევე, სავარაუდოდ აგვისტოში, ღვინის ექსპორტს საფრანგეთშიც განვახორციელებთ.
ჩვენი წარმოების დაახლოებით, 80% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე - როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე HORECA სექტორში. ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულები ვიყოთ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის. არ გვინდა, რომ 1 ქვეყნის ამოვარდნა პრობლემას გვიქმნიდეს", - აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, მეღვინეობა წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი ახალი და ხარისხიანი ჯიშების გამოცდაა.
"ახალი ჯიშების გაშენების პროცესში ვართ, ნაწილი უკვე გაშენებულია, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ვეძებთ. ჯიშები უამრავია, თუმცა ჩვენ ვეძებთ ისეთ ნერგს, რომლის მოსავალიც მეღვინეობისთვის წარმატებული იქნება. ვაკეთებთ ექსპერიმენტებს და რომელი ჯიშიდან მიღებული ღვინოც პერსპექტიული იქნება, შემდეგ მოხდება იმ ჯიშის ვენახის გაშენება. ჩვენ ვენახები წინანდალში, მუკუზანში, ნაფარეულში, ქინძმარაულში, ახაშენში და რაჭაშიც გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ყოველწლიურად ერთი და იგივე მომწოდებლებისგან ვიბარებთ ყურძენს. მათთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული. წლიური წარმადობა კომპანიას, დაახლოებით, 1.5 მლნ ბოთლამდე აქვს. წელს შესაძლებელია, ცოტა მეტი იყოს. გვინდა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, ამიტომ წარმადობის გრანდიოზული მატების სურვილი არ გვაქვს", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 35-მდე ქვეყანაში გადის და ქართული ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი. კომპანია „შუმის“ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიისთვის ტრიუმფალური გამარჯვება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023-ზე წარდგენა, სადაც ,,შუმის“ ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.