logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თენგიზ ნასარიძე: სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ ₾7.64 მლრდ-ს გადააჭარბა"

თენგიზ ნასარიძე: სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ ₾7.64 მლრდ-ს გადააჭარბა"

1711616379

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენი სთიდი ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე იზრდება.

„10 წელზე მეტია, ვახორციელებთ სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,04  მილიარდი ლარია. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია.  2023 წელს, საქართველოდან  მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია, რეკორდული, 1.44 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 181%-იანი ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ სექტორში“ შედეგები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი USAID-ის ინოვაციების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის პორტფელში  სახელმწიფო პროგრამების და კრედიტების სუბსიდირების მიმართულებით  შთამბეჭდავი დინამიკა გვაქვს, კერძო ბიზნესის მხრიდან აგრარული სექტორის დაკრედიტება მაინც ძალიან დაბალია. ჩვენ მიერ განხორციელებულმა თემატურმა მოკვლევამ გვაჩვენა ის წინააღმდეგობები, რომელიც საბანკო სექტორს აქვს. გაიცა რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ენი სთიდმა ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს უწყვეტ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 30 წელია აშშ მხარში უდგას საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, USAID-ის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გამოგვყევით