logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველოს ნაკრების EURO 2024-ზე ასპარეზობამ საფეხბურთო დეკორებზე მოთხოვნა გაზარდა

საქართველოს ნაკრების  EURO 2024-ზე ასპარეზობამ საფეხბურთო დეკორაციებზე მოთხოვნა გაზარდა. გაიზარდა იმ კომპანიებისა, თუ სტარტაპების რიცხვიც, რომლებმაც ფეხბურთთან დაკავშირებული ნივთების წარმოება დაიწყეს.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი შთაგონების წყარო აღმოჩნდა ახალი ქართული სტარტაპისთვის, სახელწოდებით Empire Of Art. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა ირაკლი გოგრიჭიანმა განუცხადა, ბოლო პერიოდში, საფეხბურთო დეკორის გაყიდვების მაჩვენებელმა გამოკვეთა, რომ ფეხბურთი ქართველების საყვარელი სპორტია.

„როგორც ქართული გუნდების, ისე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა, თუ კლუბების საფეხბურთო დეკორაციას, როგორც საჩუქრის დატვირთვით, ისე პირადი მოხმარებისთვის, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს. გვაქვს დაკვეთები როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე მსხვილი კომპანიებისგან“, - განმარტავს Empire Of Art -ის თანადამფუძნებელი.

ირაკლი გოგრიჭიანის განცხადებით, საფეხბურთო დეკორების დასამზადებლად, ძირითადად, სხვადასხვა ტიპის ხესა და მინას იყენებენ. ნედლეულის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვებენ, ნაწილი კი საქართველოში არ იყიდება  და იმპორტირებულია. თითო საფეხბურთო დეკორის შექმნას, დაახლოებით, 1 კვირა სჭირდება, ვინაიდან თითოეული დეკორი ხელით მუშავდება, რაც დიდ დროს მოითხოვს.

ადგილობრივ ბაზარზე მზარდი გაყიდვებიდან გამომდინარე, საფეხბურთო დეკორების მწარმოებელი ქართული სტარტაპი, აპირებს, ძალები უცხოეთშიც მოსინჯოს და აქ დამზადებული ხის ნაკეთობები ექსპორტზე ევროპულ ქვეყნებში გაიტანოს.

„რამდენიმე დღის წინაც გვქონდა მოლაპარაკებები ჩვენს პოტენციურ პარტნიორთან. საწყის ეტაპზე, ვგეგმავთ, რომ ჩვენი ნაკეთობები ექსპორტზე გერმანიაში გავიტანოთ. ასევე საექსპორტო ბაზრებად ესპანეთსა და საფრანგეთს განვიხილავთ“, - აღნიშნავს ირაკლი გოგრიჭიანი.

ცნობისთვის, სტარტაპი Empire Of Art ბაზარზე 8 თვეა გამოჩნდა და საფეხბურთო დეკორაციებთან ერთად, ხისგან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მრავალფუნქციურ მაგიდებსა და სკამებსაც ქმნის. სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, მიმდინარე წლის ბოლომდე, არსებული ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ.

გადაცემები

გამოგვყევით