ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით საქართველო ძალიან პოზიტიურად ვითარდება, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის" დამფუძნებელმა ირმა კოდუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია, თუმცა დასაწყისისთვის ქვეყანას კარგი ბაზა აქვს.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და აღნიშნავენ, რომ ადგილზე ბევრად უფრო მეტი ხვდებათ, ვიდრე ელიან. მიუხედავად ამისა, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ დავფიქსირდეთ როგორც სტაბილური მიმართულება, სადაც ბიზნეს ღონისძიებები ტარდება. აუცილებელია, რომ ტურისტს მაქსიმალურად მეტი აქტივობა შედარებით მისაღებ ფასად მივაწოდოთ. ფასი, რასაც იხდის სტუმარი, უნდა ღირდეს იმად, რომ ის აქ ჩამოვიდეს. როდესაც განგვიხილავენ მიმართულებად, სადაც ბიზნეს ღონისძიება უნდა ჩატარდეს, სხვადასხვა ქვეყანას გვადარებენ. ძირითადად, ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ან თურქეთი", - აცხადებს კოდუა.