მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში, ახალი, მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
თანამედროვე სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზი ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე დამსწრე მაყურებლებისთვის 200 ადგილზე გათვლილი ტრიბუნის განთავსება.
გარდა ამისა, კომპლექსში დაგეგმილია საბავშვო აუზის, გასახდელების, საშხაპეების, სავარჯიშო დარბაზების, მწვრთნელების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების, საკონფერენციო დარბაზისა და კომერციული ზონების მოწყობა.
შენობაში განთავსდება სწრაფი კვების პუნქტი და სპორტული მაღაზია.
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგი როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე ავტობუსებისთვის.
სპორტკომპლექსის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტი, როგორც თელავის ურბანული განვითარების სტრატეგიის ნაწილი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პროგრამების განვითარებას და ქალაქის ეკონომიკის გაძლიერებას.