logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

კობა ყალიჩავა: ბევრი მშენებლობა კარგ მშენებლობას არ ნიშნავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საკუთრების უფლება არ ნიშნავს იმას, რომ პირს შეუზღუდავად უნდა შეეძლოს მშენებლობის განხორციელება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა, ბევრი გაცემული სამშენებლო ნებართვა ცალსახად დადებითად ვერ შეფასდება.

„საქართველოში ასე არის მიჩნეული, რომ თუ მიწაზე საკუთრების უფლება გაქვს, შეუზღუდავად შეგიძლია მშენებლობის განხორციელება. ახალი კოდექსი ამოვიდა იმ პოზიციიდან, რომ საკუთრება მარტო უფლება არ არის, ვალდებულებაც არის. მშენებლობა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ საჯარო თუ კერძო სამეზობლო ინტერესები არ დაზიანდეს.

ამოქმედებისთანავე, ბათუმის მაგალითზე, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად მორატორიუმი გამოცხადდა. ძალიან კარგად გამოჩნდა - საკუთრების უფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია შეუზღუდავად მიიღო მშენებლობის უფლება.

ამ მიმართულებით კოდექსში ძალიან მოქმედი მექანიზმებია გათვალისწინებული. მეორე მხრივ, თუ მიწას სამშენებლო ბიზნესად განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნები უნდა არსებობდეს იმ შენობა-ნაგებობების მიმართ, რომლებიც მიწაზე უნდა აშენდეს. აქ საუკეთესო ევროპული გამოცდილება აიღეს და კოდექსში ძალიან მსუყე თავი ეთმობა ამ მიმართულებას. მედეგი, ესთეტიკური პარამეტრებით გამართული, საიმედო შენობა-ნაგებობების მოთხოვნები კოდექსის მიხედვით არის ჩამოყალიბებული.

მესამე, რაც ყველაზე მთავარი იყო, არის ის, თუ ვინ არის მხარე, ვინც ამ ვალდებულებებს აღასრულებს. ესენი არიან არქიტექტორები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, რომლებიც ამ სფეროს ემსახურებიან. ვალდებულების სახით დაწესდა, რომ ისინი უნდა იყვნენ სერტიფიცირებული პირები, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ.

სამივე ნაწილში კოდექსმა გარკვეული ჩარჩო შექმნა, თუმცა ამ ჩარჩოში საუკეთესო შედეგი ვერ მივიღეთ. ამიტომ სამუშაო ძალიან ბევრია. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი ნებართვა გაიცემა. ეკონომიკისთვის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი მშენებლობა კარგ მშენებლობას ნიშნავს. ბევრი გაცემული ნებართვა ცალსახად დადებითად ვერ შეფასდება. კოდექსის მიზანი ის იყო, რომ შეეზღუდა მშენებლობები და ნებართვა მხოლოდ ისეთ მშენებლობებზე გაცემულიყო, რომლებიც აუცილებელია და საჭიროებებსა და მოთხოვნებს ემსახურება“, - განაცხადა ყალიჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა გაცემული სამშენებლო ნებართვები გამჭვირვალე, კობა ყალიჩავას თქმით, ამ მიმართულებით ზოგჯერ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

„გაწეული პროცესიდან გამომდინარე ჩანს, რომ ისეთ შემთხვევებში გაიცემა ნებართვა, რომლებზეც განჭვრეტადი თამაშის წესები არ არსებობს. მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცემოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ განჭვრეტადი წესები გვაქვს და ნებართვის გამცემი ორგანოს შეხედულებაზე ბევრი რამ არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ასეთი მოცემულობა გვაქვს, სადაც ნებართვის გამცემ ორგანოს დისკრეცია აქვს და მისი შეხედულება გადამწყვეტია, ასეთ შემთხვევებში ნებართვის გაცემა საერთოდ არ უნდა შეიძლებოდეს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

მისი თქმით, ახალმა კოდექსმა სწორი ჩარჩო შექმნა, თუმცა აღსრულებისა და ნებართვების გაცემის პროცესში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაოა სამშენებლო უსაფრთხოების კუთხითაც.

„ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს. უსაფრთხოების წესების მხრივ დივერსიფიცირება, ამბიციების გაჩენა აუცილებელია, რათა ხელოვნურად უსაფრთხოების ზედმეტი სტანდარტი არ შევქმნათ. რაც უფრო ლავირებადი და მოქნილია სტანდარტი, მით უფრო მეტად შეიძლება მისი რეალურად დაცვა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

გამოგვყევით