კომპანია ''ჩირინა“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ’") ქათმის ხორცპროდუქტების ქსელ "ბიუ ბიუ გასტრონომს" აფართოებს. როგორც ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, ამ დროისთვის 10 მაღაზია უკვე გახსნილია, მათი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე 20-მდე გაიზრდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "ბიუ ბიუ გასტრონომის" ქსელში კომპანია "ჩირინას" მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი იყიდება. მათ შორისაა, ქათმის ხორცი, სოსისები, ძეხვი და ა.შ.
რაც შეეხება ახალი მაღაზიების საინვესტიციო ღირებულებას, კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თითო ობიექტის გახსნაში კომპანია დაახლოებით 150 000- 200 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
"მაღაზიები თბილისის სხვადასხვა უბანში გავხსენით. სამომავლოდ, რეგიონების მიმართულებითაც გავაგრძელებთ ოპერირებას, მაგრამ მანამდე გვინდა თბილისის ბაზარი მაქსიმალურად ავითვისოთ. თუმცა ის, რომ ქსელურ მარკეტებში შევედით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
‘’ჩირინას“ დამფუძნებელი ასევე საუბრობს იმ სიძნელეებზე, რასაც ადგილობრივი ბიზნესი ქსელურ მარკეტებში შესასვლელად აწყდება.
‘’მწარმოებლებისთვის მსხვილი ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომა არ არის მარტივი, საკმაოდ რთული პროცედურაა. პირველ რიგში, სიძნელეს წარმოადგენს იმიტომ, რომ დიდი დრო სჭირდება, შეიძლება, ეს პროცესი მთელი 8 თვეც გაგრძელდეს. მეორეც ქსელური მარკეტები მოითხოვენ მაღალ "ქეშბექს", რაც ბევრი მეწარმისთვის სირთულეს წარმოადგენს“, - აცხადებს ვაშაკიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.
მისი ინფორმაცით, ამ ეტაპზე კომპანია გარდა ქათმის ხორცისა, 15-მდე დასახელების სოსისსა და ძეხვეულს აწარმოებს. მათ შორისააა, შებოლილი ქათმის ფილე, შებოლილი ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და ა.შ. წარმოებასთან დაკავშირებით რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვას ელოდება და კომპანია მალე საბავშვო სოსისების წარმოებასაც დაიწყებს. რევაზ ვაშაკიძის თქმით, ,,ჩირინას“ საწარმოში 60 ადამიანია დასაქმებული, თითო მაღაზიაში კი 2-3 ადამიანი მუშაობს.
ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.
რაც შეეხება "ბიუ ბიუ გასტრონომს", ის კომპანია "ჩირინას" ბაზაზე 2023 წელს გაიხსნა.
მარი ჩიტაია