საკრუიზო მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კერა თრეველის“ დამფუძნებელმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა, საკრუიზო მოგზაურობა სრულ პაკეტს მოიცავს, ანუ მომსახურებაში შედის - განთავსება, კვება, სხვადასხვა აქტივობები.
„შესაბამისად, მოგზაურებს დამატებითი ხარჯების გაღება არ უწევთ და ჯამში, უფრო იაფი უჯდებათ ამ ტიპის სამოგზაურო პაკეტები, ვიდრე ავიაბილეთის ცალკე შეძენა, შემდეგ სასტუმროს დაჯავშნა და ამათუ იმ ქვეყანაში კვებისა, თუ ტრანსპორტირების თავისით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ქუთათელაძემ.
გამყვან ტურიზმზე მომუშავე ოპერატორების თქმით, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აზიური და სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოების მიმართულებით ჯგუფურ ტურებზე, რომლებსაც თან ქართულენოვანი გიდი ახლავს, რაც მოგზაურებისთვის ძალიან კომფორტულია. მათივე ინფორმაციით, ამ ტიპის ტურები უმეტესად კუბას, არგენტინისა და ბრაზილიის მიმართულებით იგეგმება.
„რაც შეეხება მიმდინარე ზაფხულის ჯავშნებს, ისევ ყველაზე აქტუალურია თურქეთის საზღვაო კურორტები. გაყიდული ტურისტული პაკეტების რაოდენობით მას მოჰყვება ევროპული საზღვაო ქალაქები, კერძოდ საბერძნეთის, კვიპროსის, იტალიის, ესპანეთის, ასევე საფრანგეთისა და პორტუგალიის კურორტები“, - აღნიშნა დავით ქუთათელაძემ.
"კერა თრეველის" ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორზე ირან-ისრაელის ომის შედეგებსაც მიმოიხილავს და განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტს კომპანიის მომართვიანობაზე გავკენა არ მოუხდენია.
„ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ამ ომს გავლენა არ ჰქონია მომართვიანობაზე. არ გვქონია ჯავშნების გაუქმების შემთხვევები, თუმცა, ზოგადად ცხადია, ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, არასტაბილურობის განცდა, მომხმარებლების ქცევას ცვლის და ისინი თავს იკავებენ ხოლმე მოგზაურობისგან, მით უფრო ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკები მაღალია“, - აღნიშნა „კერა თრეველის“ დამფუძნებელმა.
ქართველი ტუროპერატორების ნაწილი ამბობს, რომ ადგილობრივ მოგზაურებს შორის, როგორც ტურისტული მიმართულება, არც ირანი და არც ისრაელი არ იყო აქტიური, აქედან გამომდინარე, ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებულ სამხედრო კონფლიქტს პირდაპირი გავლენა არ ჰქონია ტურისტული პაკეტების გაყიდვაზე...
რიგ კომპანიებში ამბობენ, რომ ომის დაწყების პირველი რამდენიმე დღე მოგზაურების მხრიდან მომართვიანობა შედარებით შენელდა, თუმცა, მალევე აღდგა და საბოლოო ჯამში, ჯავშნების მიღება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
ქუთათელაძე საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ტურისტული პაკეტების ფასები პანდემიის შემდგომ, ყოველწლიურად იზრდება, რასაც გლობალურად როგორც განთავსების ობიექტების, ისე საავიაციო საწვავის, საკვების და სხვა სერვისების გაძვირება განაპირობებს.
ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, წელსაც, ზაფხულის სამოგზაურო მიმართულებების ტურისტული პაკეტები 20-25%-ით არის გაძვირებული. მათ შორის გაძვირებულია ისეთი საზღვაო მიმართულებები, რომლებიც ადრე დაბალბიუჯეტურად მოიაზრებოდა - კერძოდ, თურქეთი და კვიპროსი. შედეგად, ეს ყველაფერი აისახა ტურისტული პაკეტების მოთხოვნაზეც და გასულ წელთან შედარებით, გაყიდვებში კლების ტენდენცია შეინიშნება.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 323 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 1.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.