"ბაიას ღვინო" ჰოლანდიის ბაზრებზეც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.
"ქართული ღვინის მიმართ ევროკავშირის ბაზრებიდან ინტერესი იზრდება, რაც ცნობადობის გაზრდასთან არის დაკავშირებული. ჩვენი წარმოების 40% ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება, თუმცა 60% ექსპორტზე. აქედან - 30% ევროპაში იყიდება, 30% კი ამერიკის, კანადის და აზიის ბაზრებზე", - აცხადებს ბაია აბულაძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, სამომავლოდ უცხოური ბაზრებიდან მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება.
ცნობისთვის, "ბაიას ღვინო" ბაღდათის მუნიციპალიტეტში იწარმოება. კომპანიას ამ დროისთვის 10-მდე დასახელების ღვინო აქვს. "ბაიას ღვინოს" წარმადობა წლიურად 30 000 ბოთლამდეა და ექსპორტზე 14 ქვეყანაში გადის.