logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბუს კვერცხებზე" მოთხოვნა გაორმაგდა, წარმოებას ვეღარ ვასწრებთ - მანუჩარ ლობჟანიძე

"ბუს კვერცხებზე" მოთხოვნა გაორმაგდა, წარმოებას ვეღარ ვასწრებთ, - ამის შესახებ "პირამიდას" და "ბუს კვერცხების" მწარმოებელი კომპანიის "ქართული თემის" დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე თქმით,  გაყიდვების ბუმის მიზეზი პროდუქციაში არსებული მაღალი ხარისხის სათამაშოებია, რომელიც წინა პერიოდისგან განსხვავებით, გამრავალფეროვანებულია. 

გარდა აღნიშნული პროდუქტისა გაყიდვები საგრძნობლად გაზრდილია კომპანიის სხვა პროდუქტებზეც.

"კონკრეტულად "ბუს კვერცხებზეა" გაორმაგებული მოთხოვნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარალელურად სხვა პროდუქტების გაყიდვებიც გაიზარდა. ძირითადად ბავშვები იყვნენ ჩვენი მომხმარებლები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი პროდუქციის შეძენა თინეიჯერი და უფრო დიდი ასაკის მომხმარებლებმაც დაიწყეს.

ჩვენს პროდუქციაში მაღალი ხარისხის სათამაშოები და ასევე, ჩვენივე წარმოებული ჯანსაღი, ხელნაკეთი 100%-ით ნატურალური კარამელის ტკბილეული დევს. მაგალითად, კოშკში საკოლექციო სათამაშოები დევს, მათ შორის, მანქანები და სხვა, რომლის შეძენა ცალკე გაცილებით ძვირია", - აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მათ სამომავლო გეგმებში ლილოში, ახალი საწარმოს მშენებლობაა. მისი თქმით, ახალი საწარმოს აშენების შემდეგ კომპანია წარმოებას გაზრდის.

მანუჩარ ლობჟანიძის ინფორმაციით, აღნიშნული საწარმოს მშენებლობისთვის 3 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვას ელოდება.

ცნობისთვის, „ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, “ბუს კვერცხებში“, ასევე "ქექეში" მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია. კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

გამოგვყევით