logo
Loading data...

E-SPACE - ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად თითქმის ორმაგდება

E-SPACE - ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად თითქმის ორმაგდება

1713499500

E-SPACE-ის გენერალური დირექტორის დავით იოსავას განცხადებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 700-ზე მეტი ელექტრომობილი დარეგისტრირდა. როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად თითქმის ორმაგდება.

"საქართველოში 2023 წელს დარეგისტრირდა 2000-მდე ელექტრომობილი, ხოლო 2022 წელს დაახლოებით 950. 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემს თუ გავითვალისწინებთ, წლის ბოლომდე კიდევ 2000 ელექტრომობილი უნდა შემოემატოს ქვეყანას. 

საქართველოში 1 700 000 შიდა წვის ძრავიანი ავტომობილია რეგისტრირებული, ხოლო  ელექტრომობილი, დაახლოებით, 6700. ანუ მთლიან მოცულობაში ძალიან მცირე წილი უკავია ელექტრომობილებს.

ბოლო პერიოდში პრობლემა იყო ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე, მზად არის. სწრაფი დამტენებიც დამონტაჟდა დედაქალაქში, ასევე ნელი დამტენების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე პრობლემად რჩება ცნობადობის ამაღლება, რომ ის შიშები, რომელიც პოტენციურ მომხმარებელში არსებობს გადაიფაროს. მომხმარებლებს უნდა მიეცეთ სწორი ინფორმაცია, რომ დატენვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა დავით იოსავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ელექტრომობილების დამტენები დედაქალაქის გარდა დამონტაჟებულია კახეთის რამდენიმე ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში და ასევე, თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე

ცნობისთვის, E-SPACE 2016 წელს დაარსდა. კომპანიამ საქართველოში პირველმა დაამონტაჟა საჯარო მოხმარების ორი ელექტრომობილის დამტენი. 2017 წელს E-SPACE-მა ასევე პირველად საქართველოს მასშტაბით დაამონტაჟა სწრაფი დამტენი. კომპანია მუდმივად ავითარებს დამტენების ქსელს და მომხმარებლებს/ბიზნესს სთავაზობს მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით