logo
Loading data...

"EURO 2024-ზე საქართველოს მატჩს განახლებულ სივრცეში ვუგულშემატკივრებთ" - რესტორანი "შნო"

"EURO 2024-ზე საქართველოს მატჩს განახლებულ სივრცეში ვუგულშემატკივრებთ" - რესტორანი "შნო"

1713966840

რესტორანი "შნო"  ევროპის  საფეხბურთო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი ზურაბ მელიქიძე ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ობიექტი ფეხბურთის ქომაგებს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ამ მიზნით დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გარე სივრცის მოწესრიგებას, რეკრეაციული ზონის მოწყობას და ადგილების დამატებას გულისხმობს.

ზურაბ მელიქიძის განცხადებით,  განახლებული რესტორანი 400-მდე მომხმარებელს უმასპინძლებს. აქამდე მაქსიმალური დატვირთვა 170-ს შეადგენდა.  გარდა ამისა, დამონტაჟდება დიდი ზომის  LED ეკრანი,  განახლდება მენიუ  და ლუდის ასორტიმენტიც. 

რაც შეეხება ინვესტიციას,ზურაბ მელიქიძის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე  კალკულაციის პროცესია და პროექტის ფინანსური დეტალი ზუსტდება.

როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის პირველ ნახევარში დასრულდება.

''ფეხბურთის ქომაგების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას განახლებული ინფრასტრუქტურით ვპასუხობთ. ამ ეტაპისთვის ვამზადებთ  რეკრეაციულ ზონას, რაც გარე ტერასის მოწესრიგებას გულისხმობს. ფეხბურთის მატჩების ყურება შესაძლებელი იქნება LED ეკრანის მეშვეობით, რომელიც გარე სივრცეში დამონტაჟდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ფეხბურთის ყურებისას,  კომფორტული გარემო შევუქმნათ და კარგი კერძებით და ლუდით გავუმასპინძლდეთ. დავამატეთ რამდენიმე ახალი კერძი, მათ შორის, ხბოს ნეკნი, ლორისა და სოსისის დაფები და სხვა. ამასთან, გათამაშდება ბურთები და ნაკრების ფეხბურთელების მაისურები მათივე ავტოგრაფებით. იგეგმება ვაუჩერების გათამაშება და სხვადასხვა აქტივობა“, - აცხადებს ზურაბ მელიქიძე.

მისი ინფორმაციით, რესტორნის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებლების აქტიურობა რესტორანში ჩვეულებრივ პერიოდშიც შენარჩუნდეს, რის იმედსაც განახლებული ინფრასტრუქტურა და მომსახურება იძლევა.

ცნობისთვის, რესტორანი "შნო"  კრაფტ ლუდი ''შნოს"  ბაზაზე შეიქმნა. კომპანია ბაზარზე 2022 წლიდანაა. ამ ეტაპზე ‘’შნო“  4 დასახელების ლუდს აწარმოებს: ''შნო", ''ლაშარი'', ''თეთრი არაგვი''  და შავი არაგვი".

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით