logo
Loading data...

"არაჯანსაღი კონკურენციის გამო გაფართოების გეგმაზე მუშაობა შევაჩერეთ" - სასტუმრო "ლომსია"

"არაჯანსაღი კონკურენციის გამო გაფართოების გეგმაზე მუშაობა შევაჩერეთ" - სასტუმრო "ლომსია"

1714653000

ახალციხეში მდებარე სასტუმრო "ლომსიას"  ბიზნესის გაფართოების პროექტი დაპაუზდა. სასტუმროს დირექტორი ამირან ქიმერიძე ამის მიზეზად ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას მიიჩნევს. კერძოდ, როგორც ქიმერიძე ''ბიზნესპარტნიორთან"  განმარტავს, ახალციხეში, ერთ-ერთი  5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნამ და ბაზარზე არაკონკურენტული ფასების შეთავაზებამ, 4 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საქმიანობას დიდი პრობლემა შეუქმნა, მათ შორის, "ლომსიას", რომელიც 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა.

ქიმერიძის განცხადებით, ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში იგეგმებოდა "ლომსიას"  გაფართოება და 1-1,2 მლნ ლარის ინვესტირება. პროექტი მოიცავდა საკონფერენციო დარბაზის მოწყობას და 12-მდე ნომრის დამატებას, რაც ჯერჯერობით ვერ ხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო "ლომსიას" მენეჯმენტი  აკვირდება დინამიკას, კერძოდ, იმას, თუ  საბოლოოდ რა ტენდენცია ჩამოყალიბდება,  რა სერვისი იქნება აქტუალური და მომხმარებლისთვის მისაღები. 

როგორც ქიმერიძე აღნიშნავს, მთავარი პრობლემა ბაზარზე არაკონკურენტული ფასებია, რაც ბევრი სასტუმროსთვის დაბრკოლებად იქცა. განსაკუთრებით კი 3-ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა განიცადეს პრობლემა, რომლებიც ბაზარზე შედარებით დაბალი ფასებით ოპერირებენ.

''ბუნებრივია, როდესაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს ის ფასი, რაც  შეესაბამება დაახლოებით 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ღირებულებას ოთახებზე,  ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მოთამაშე  ცდილობს  კარგად აითვისოს აღნიშნული ბაზარი და  კონკურენტებს დიდ დარტყმებს აყენებს - ავტომატურად  იცვლება ფასები კონკურენტ სასტუმროებში. მთლიანობაში, ეს არის დიდი პრობლემა, რადგან დღეს ახალციხეში  4- ვარსკვლავიანი სასტუმროს რაოდენობა 3-4-ს ვერ აჭარბებს,  დანარჩენი  2-3-ვარსკვლავიანი  უკვე ძალიან ბევრია და ფაქტობრივად ყველას პრობლემა ექმნება“, -  აცხადებს ამირან ქიმერიძე.

"ლომსიას“ დირექტორი კონკურენციის საკითხს რეგიონულ ჭრილშიც მიმოიხილავს. მისი თქმით, მომხმარებლების გარკვეული სეგმენტი  ბაკურიანს ახალციხის ხარჯზე მოაკლდა, თუმცა ამას პრობლემა არ გამოუწვევია, რადგან ბაკურიანი ტურისტულად კარგად ათვისებული კურორტია.

,,ტურისტულ კომპანიებს, რომლებსაც  ვარძიაში მოჰყავთ ვიზიტორები, ცდილობენ, დროის დაზოგვის მიზნით გააჩერონ  სტუმრები  ახალციხეში და არა ბაკურიანში.  ახალციხეში როგორც კი ნახეს რაღაც სასტუმრო, სადაც შეიძლება ტურისტების გაჩერება და სერვისი შეესაბამება მათ მოთხოვნას, არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთეს. ვფიქრობ, ეს ვარ დააზარალებს ბაკურიანს, რადგან  რაც არ უნდა იყოს, ვერანაირად გავუწევთ კონკურენციას. რა პოტენციალიც აქვს ბაკურიანს, სასტუმროების რაოდენობის კუთხით, ახალციხეში მეათედიც აღარ არის", -  აცხადებს ამირან ქიმერიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ „ვისოლ ჯგუფმა“ 2012 წლის აგვისტოში გახსნა და სასტუმროს მშენებლობისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წელს „ვისოლ ჯგუფში“ არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმროს გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო“ გადაეცა. "ლომსიაში" 63 ნომერია და 115-მდე სტუმარზეა გათვლილი.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით