logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ყველაზე მეტი დამსვენებელი ისრაელიდან და არაბეთის ქვეყნებიდანაა - Nika Hotel and Club

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარე სასტუმროში Nika Hotel and Club ზაფხულის  ტურისტული სეზონისთვის ემზადება.

როგორც  სასტუმროს ხელმძღვანელი ლარისა გავრილიუკი ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, Nika Hotel and Club განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა და ინტერესი დიდია, თუმცა მოთხოვნა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რის რესურსიც სასტუმროს რეალურად გააჩნია.

Nika Hotel and Club -ი რამდენიმე სეგმენტისგან  შედგება, მათ შორის, ფოტოლოკაციების პარკი, სადაც არის ყველაზე დიდი ყანწი  მსოფლიოში, ასევე ყველაზე დიდი ,,აჭარული ხაჭაპური“ და სხვადასხვა ლოკაციები, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

წელს ტურისტული ობიექტი გაფართოვდა და 2 კოტეჯი და ღია აუზი დაემატა ( სასტუმროს ხელმძღვანელი ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს). რაც შეეხება ვიზიტორებს,  Nika Hotel and Club -ის სერვისებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იმ ტურისტების მხრიდან არის, ვინც აჭარას გართობის მიზნით სტუმრობენ.

,,ყველაზე მეტი დამსვენებელი ისრაელიდან და არაბეთიდანაა. ამ ქვეყნებიდან უფრო აზარტული თამაშების მიზნით ჩამოდიან. თუკი აქამდე ნაკლებად გვიცნობდნენ, მეტმა ადამიანმა შეიტყო ჩვენი საქმიანობის შესახებ, მარკეტინგიხ მიმართულებაც უფრო გავაძლიერეთ. ნელ-ნელა ვვითარდებით, ცნობადობა იზრდება და ესეც ხელს უწყობს ტურისტების მხრიდან დაინტერესებას, თუმცა არის გარკვეული ბარიერიც. ამ მხრივ დიდი დაბრკოლებაა რეგიონში მიმდინარე ომი, რის გამოც ევროპული ნაკადების საქართველოს მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენენ. შარშან 70%-ს აღწევდა დატვირთულობა და ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ თუ არა, ჯერჯერობით ვარაუდი მიჭირს", - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

სასტუმროს ხელმძღვანელის თქმით, სამიოდე  წლის წინ, როდესაც ტურისტული ობიექტის მშენებლობას  იწყებდნენ, მთიანი სოფლისთვის დამახასიათებელი  რთული რელიეფის გამო ინფრასტრქუტურა თითქმის არ იყო.  თუმცა შუახევის მუნიციპალიტეტი ძალიან დაეხმარა და იქაურობა მეტნაკლებად მოაწესრიგეს, მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი, რომ სასტუმროს ემუშავა.

ამ ეტაპზე  სასტუმროს ერთ-ერთი გამოწვევა კადრების სიმცირეს უკავშირდება.  რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემას, ჯერ კიდევ მოსაგვარებელია სოფელ ჩანჩხალოში წყალმომარაგების საკითხი, არ არის ბუნებრივი აირი,  ზამთრის პერიოდში ხშირად ხდება ელექტროენერგიის გათიშვა და სხვა. 

ცნობისთვის, Nika Hotel and Club -ის პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. პირველი სტუმარი ტურისტულმა ობიექტმა 2023 წლის აგვისტოში მიიღო.  სასტუმრო კომპლექსში  10 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

გამოგვყევით