გარემოზე ზრუნვა ნებისმიერი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულება ხდება, მეტიც ამ მოტივით სულ უფრო მეტი ბიზნესი იწყებს ოპერირებას.
სტარტაპის Harmosphere თანადამფუძნებელი დიანა ლეჟავა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურობაში შევიტანოთ მეტი კომფორტი და ამასთან, ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე.
"სახლში სამუშაო პროცესი არის პირველი, რაც ადამიანს სჭირდება. პანდემიის დროს, როდესაც ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებდით, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცები რაც გვაკლია ჩვენით დაგვემზადებინა. ასე გაჩნდა ამ პატარა ბიზნესის წამოწყების იდეაც. ჩვენი პროდუქცია ნატურალური ტილოსგან იქმნება და ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს. გარდა ამისა, ჩვენი მიდგომა ნარჩენების გადამუშავებასთან მიმართებით განსხვავებულია და სულ პატარა ქსოვილითაც ვცდილობთ შევქმნათ პატარა ნივთები."-აცხადებს დიანა ლეჟავა.
სტარტაპი, ამ ეტაპზე, 30-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს, ძირითადად სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს და ტომსიკებს, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და პოლიეთილენის პარკს ანაცვლებს.
პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიაში. განსაკუთრებული მოთხოვნაა საპურეებზე, ორმაგი დანიშნულების აქსესუარი გამოიყენება სერვირებისთვის და პურის შესანახად.
სტარტაპმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გრანტიც მოიპოვა, რისი საშაულებითაც მოხდა დანადგარების შეძენა, წარმადობის ზრდა და დამატებითი კადრების დასაქმებაც. ამასთან, გაფართოებამ კორპორატიული შეკვეთის დამზადება კიდევ უფრო გააიოლა.
"ინტერიერის აქსესუარებს ბევრი ადგილობრივი კომპანია აწარმოებს და იმპორტირებული პროდუქციაც საკმაოდ ბევრია ბაზარზე. თუმცა, ჩვენი ნიშა არის სადა დიზაინი და მასალა. მომავალში დავამატებთ ასევე ნაქსოვ პლედებს, ამისთვის აღჭურვილობა უკვე შეძენილი გვაქვს,“-ამბობს დიანა ლეჟავა.
სტარტაპი თავიდანვე გულისხმობდა ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდებოდა, აქსესუარების გამრავალფეროვნების შემდეგ, კომპანიის მთავარი გეგმა სწორედ ექსპორტზე გასვლაა.