logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Credit Suisse-სთან შერწყმის შედეგად, UBS $13 მლრდ-ს დაზოგავს

UBS-ის აღმასრულებელი დირექტორის სერხიო ერმოტის განცხადებით, მისი ბანკი ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს რაიმე შეფერხება ყოფილი კონკურენტის Credit Suisse-ის შერწყმის პროცესში.

ამ დროისთვის, ბანკებს შორის ტექნოლოგიებისა და მონაცემების ინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ის დაეთანხმა შვეიცარიის მთავრობის ბოლო წინადადებებს, რაც ბანკის უსაფრთხო ოპერირებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, არ დაეთანხმა გეგმებს, რომლის თანახმადაც, UBS-ს უფრო მეტი კაპიტალი ჰქონდეს.

„თუ ვსაუბრობთ სფეროებზე, სადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი არ არის გადაჭარბება, ეს არის კაპიტალის მოთხოვნები“ - განუცხადა ერმოტიმ Reuters-ს.

მისივე თქმით, Credit Suisse-ის შეძენის გამო, UBS-ს ისედაც მოუწია დამატებით, $20 მილიარდის მოცულობით კაპიტალის გამოყოფა.

სერხიო ერმოტი UBS-ში გასულ წელს დაბრუნდა - მას შემდეგ, რაც UBS-მა Credit Suisse სასწრაფო დახმარებისა და გადარჩენის მიზნით შეისყიდა. ახლა, შვეიცარიის ბოლო გლობალურ ბანკს გადამწყვეტი წელი ელის - მან უნდა დააკავშიროს IT სისტემები და კლიენტები Credit Suisse-დან გადაიყვანოს. ეს ის ამოცანებია, რომლებმაც ინტეგრაციის შემდეგი ეტაპი შეიძლება, უფრო რთული გახადოს, ვიდრე აქამდე იყო.

UBS შერწყმის შედეგად $13 მილიარდის ხარჯების დაზოგვას აპირებს, რაც ერმოტის თქმით, ძირითადად თანამშრომლების რაოდენობის შემცირებითა და IT სისტემების შერწყმით იქნება გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ შერწყმის პროცესის დაწყების შემდეგ, UBS-ის აქციები გაუმჯობესდა. ინვესტორები შეძენის დაბალი ხარჯების, აქტივების უზარმაზარი ზრდისა და შეუფერხებელი ინტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით, ჯგუფის პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

გამოგვყევით