2024 წელი ჯამში ზრდით დავხურეთ. კომპანიის საცალო გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, ხოლო კორპორატიული 5%-ით, თუმცა უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, - ამის შესახებ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის "ნიკოლის" დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვებზე გავლენა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა.
"გასულ წელს ჩვენი პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ მოწონებაც დაიმსახურა. ამ მიმართულებით, უფრო მეტად ვაპირებთ განვითარებას. გარდა ამისა, 2024 წელს ბაზარზე გამოჩნდა "ნიკოლის" საბავშვო წინდაც. ჩვენ ასევე, დაგეგმილი გვქონდა ფეხსაცმლის წარმოებაც, თუმცა პროცესი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ნიკა ნიკოლაიშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძალიან რთულია სამომავლო გეგმების დასახვა, თუმცა, რა თქმა უნდა, კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული.
"ბაზრების დივერსიფიცირება ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ეს არასტაბილური გარემო ბიზნესს ანგრევს. სწორედ ამიტომ ორიენტირებას უფრო მეტად უცხოურ ბაზრებზე გავაკეთებთ", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.