ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი სასტუმრო Wald Hotel Lagodekhi ზაფხულის სეზონზე 90%-იან დატვირთულობას ელოდება.
როგორც სასტუმროს მენეჯერი ქეთი კაპანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მათი მომხმარებლების დაახლოებით, 30%-ს კორპორატიული კლიენტები წარმოადგენენ.
"ზაფხულის სეზონისთვის დაინტერესება უკვე ძალიან მაღალია. უფრო ცნობადი გახდა ჩვენი სასტუმრო და ველოდებით, რომ წინა სეზონზე უკეთესი აქტივობა გვექნება. ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები,დაახლოებით 10%-ს უცხოელები წარმოადგენენ.
ზოგადად, ლაგოდეხის რაიონის მიმართ დაინტერესება იზრდება, თუმცა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. 2019 წელს 60 000 ტურისტს უმასპინძლა ლაგოდეხის ნაკრძალმა და მას შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი აღარ დაფიქსირებულა. წელს ნაკრძლის ადმინისტრაციაც უფრო მეტ ტურისტს ელოდება, რადგან დაინტერესება გაზრდილია.
კორპორატიული თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა კომპანიასთან და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს კორპორატიული კლიენტები წარმოადგენენ", - აღნიშნა ქეთი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.