logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნესს სტაბილური გარემო სჭირდება" - ნინა კობახიძე

ბიზნესს სტაბილური გარემო სჭირდება იმისთვის, რომ ის ფანტასტიკური შედეგები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, გაგრძელდეს, - ამის შესახებ ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია, ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორები კმაყოფილები იყვნენ.

ზოგადად ნებისმიერი ასეთი დაძაბული ვითარება და ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, არასახარბიელო გარემოს ქმნის ბიზნესის მოთამაშეებისთვის. დღეს ყველა გადართული ვართ ამ პროცესების მონაწილედ და მაყურებლად. რთულია იმაზე საუბარი რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ კანონმა ბიზნესზე. თუ შევხედავთ პროცესებს, ეს უფრო შეეხება არასამთავრობო სექტორს და მედია საშუალებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბიზნესი ისევე როგორც სხვადასხვა მოთამაშეები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნის ჯამური განვითარების. ერთადერთი რის მოლოდინშიც ვართ ეს არის გამოსავალი. რამენაირად უნდა მოვახდინოთ და იმ ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტის საბოლოო რედაქცია, რომლითაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან კმაყოფილები და არავითარი ე.წ. მუქარა აღარ გაჟღერდება ჩვენი ქვეყნის და მონაპოვრების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა - ვგულისხმობ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვიზალიბერალიზაციას და სხვ. ასეთი ტიპის მუქარები და განწყობები დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის ძალიან ნეგატიური, რამაც შეიძლება ბიზნესზე გავლენა მოახდინოს. ვეტოს ფორმატის ფარგლებში შესაძლებელია კანონის იმ ყველაზე კრიტიკული მუხლების და სიტყვების გასწორება და დაახლოება ევროდირექტივებთან. სწორედ ამ რეჟიმს ვუყურებთ იმედის თვალით.

ბიზნესს სტაბილური გარემო სჭირდება იმისთვის, რომ ის ფანტასტიკური შედეგები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, გაგრძელდეს. თუ კანონშემოქმედებითი მხარე მზად არის, რომ განიხილოს ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს და თუ პრეზიდენტი უარს განაცხადებს ვეტოს შენიშვნების ატვირთვაზე მათაც შეუძლიათ ისეთი ცვლილებები შეიტანონ, რომლითაც დაბალანსდება პროცესი და გამოვალთ იმ რეჟიმიდან, რომ ვიღაცას ევროპა უნდა და ვიღაცას -  რუსეთი. ეს არის აბსოლუტურად აბსურდი და საერთოდ წარმოუდგენელია ამის საპირწონედ ერთმანეთთან დაყენება. შეუძლებელია, მითუმეტეს მოახლოებული არჩევნების ფონზე ვისაუბროთ, რომ ვიღაც რუსეთისკენ მიგვაქანებს. რა თქმა უნდა, ბიზნესი ასე არ ფიქრობს, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ასე დავაყენოთ ეს საკითხი", - აცხადებს ნინა კობახიძე.

გამოგვყევით