საკონსერვო წარმოება "კულა" ქარელის რაიონის სოფელ აგარაში არსებულ HIPP-ის ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებას 2026 წლიდან გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამჟამად დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს.
"აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა წლის ბოლომდე კიდევ დაკორექტირდეს. აქტიურად ვმუშაობთ HIPP-ის ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანია გარდა აღნიშნული მიმართულებისა, ამჟამად ხილის კერძოდ ვაშლისა და სხვა პროდუქტების გადამუშავების პროცესშია. ამ მიმართულებით, ხილის დეფიციტი და ფასების ზრდა არ შეინიშნება. კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 3-5%-ით არის გაზრდილი", - აცხადებს ვანო გოგლიძე.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში "კულას" პროდუქცია სინგაპურის მალაიზიისა და ბანგლადეშის ბაზარზე გავიდა და ამ დროისთვის, დამატებით ბაზრებზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა" ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.