logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ფოთის თიზ-ში 110 კომპანია ოპერირებს - დავით ებრალიძე

დღეის მდგომარეობით ფოთის თიზ-ში, დაახლოებით, 110 კომპანია ოპერირებს, მათ შორის, იანვრიდან დღემდე 12 კომპანია დავარეგისტრირეთ, - ამის შესახებ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობის, დაახლოებით, 90% მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც ტვირთი შემოაქვთ, ასაწყობებს და შემდეგ ექსპორტზე გააქვს, ხოლო დარჩენილი წილი წარმოებებზე მოდის.

"ჩვენ წინა წელს დავიწყეთ და ვაგრძელებთ ინდუსტრიების შემოყვანას, რაც გულისხმობს დამატებითი ღირებულებების შექმნას ინდუსტრიულ  ზონაში და ამ მიმართულებითაც გვაქვს წინსვლები. 

დღეის მდგომარეობით ყველაზე დიდი არის ტექსტილის ქარხანა - "ფოთი ტექსტილი", რომელიც უკვე 2 წელია ჩვენთან ოპერირებს და განთავსებული 6 000 კვ.მ. შენობაში. ეს არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელმაც გაიარა საერთაშორისო Sedex-ის აუდიტი და მომსახურებას უწევს უცხოელ დამკვეთებს. რეგიონში ძალიან გაძვირდა კერვა, რადგან შემოვიდა მინიმალური სახელფასო განაკვეთები და გაიზარდა კომუნალური ხარჯები, რამაც გამოიწვია ე.წ. შიფტი, მათ შორის, საქართველოზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მათ შორის, თურქეთთან და ევროპასთან, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ნიშა გაჩნდა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპული სერტიფიკატის ქვეშ უნდა გავიდეს ევროპაში, სადაც არ დაიბეგრება საიმპორტო გადასახადით. ეს არის ქართულ-უცხოური ერთობლივი საწარმო და ინვესტიციის ღირებულება განისაზღვრა 15 მლნ. ლარით. 

გარდა ამისა ,გვაქვს ხის სახლების წარმოება. ნედლეული შემოდის და კომპანია აწყობს ხის სახლებს, რომელიც ექსპორტზე გადის ევროპის სხვადასხვა  ქვეყანაში, მათ შორის, ჰოლანდიაში და ბელგიაში. აღნიშნული დაახლოებით, ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია. კომპანიის წარმომადგენლები ქართველები არიან, რომელთაც წინარე ხელშეკრულებები აქვთ ევროპულ და სწორედ მათგან მოდის კონკრეტული შეკვეთები, კონკრეტული დიზაინები ამ ხის სახლების და ა.შ.", - აცხადებს დავით ებრალიძე.

გარდა ამისა ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დასრულების ფაზაშია სპილენძის კონცენტრატების შემნახველი ტერმინალი, რომელიც მუშაობას, დაახლოებით 1 თვეში დაიწყებს.

"ტერმინალი განთავსებულია 5 000 კვ.მ-ზე და სადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია შემოიტანს, დაასაწყობებს და ევროპაში გაიტანს სპილენძის სხვადასხვა კონცენტრატს. ეს არის ქართული ინვესტიცია, თუმცა ეს ქართული მხარე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ევროპულ კომპანიას. ჩემი ინფორმაციით აღნიშნული პროექტის ინვესტიცია 4 მლნ. ლარამდეა", - აცხადებს დავით ებრალიძე. 

ცნობისთვის, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2008 წლიდან მოქმედებს.

გამოგვყევით