logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"არაბული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, სამოგზაურო ტურების გაყიდვები შეჩერებულია" - "ნოვა ტური"

არაბული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, სამოგზაურო ტურების გაყიდვები შეჩერებულია, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯიქიამ, ირან-ისრაელის ომის ტურიზმზე გავლენის შეფასებისას, "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმი იმდენად მგრძნობიარე სფეროა სხვადასხვა ფაქტორი ავტომატურად აისახება მასზე და გაყიდვები შესაძლოა, 100%-ითაც შემცირდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ჩვენ ტურები არ გვქონდა უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სტაბილურობა და სიმშვიდეა. შესაბამისად, როგორც კი რაღაც არეულობა და მასშტაბური დაპირისპირებები ხდება - ეს ავტომატურად აისახება როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტურიზმზე და გაყიდვების დინამიკაზე.  არაბული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვინც მოგზაურობას გეგმავდა ყველამ გადაიფიქრა, ან მიმართულება შეიცვალა, ან დროებით თავს იკავებს.

გარდა ამისა, ჩვენი ძირითადი მიმართულება თურქეთი და ეგვიპტეა. დაძაბული ფონიდან გამომდინარე, ეგვიპტის  მიმართულებით მომართვიანობამ დაიკლო. რაც შეეხება თურქეთს - ამ მიმართულებით ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წელს განსაკუთრებულად გაიზარდა", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, "ნოვა ტური" შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მომხმარებლებს უსაფრთხო ახალ მარშრუტებსა და ტურებს სთავაზობენ. 

"ბოლო პერიოდში ჩვენ მომხმარებლებს დაპაკეტებული ტურები შევთავაზეთ როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე. გარდა ამისა, წელს დავიწყეთ ტურები კვიპროსის მიმართულებით არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ქუთაისიდანაც. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამგზავრების ქალაქი საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე აირჩიოს", - აცხადებს მამუკა ჯიქია. 

შეგახსენებთ, ირანსა ისრაელს შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

 

გამოგვყევით