ბიზნესისთვის ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან ისრაელიდან არა რამდენიმე ადამიანი, არამედ 40-50-კაციანი ჯგუფები გვსტუმრობდნენ, - ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაცით, ირან-ისრაელის ომის ფონზე სასტუმროში ისრაელიდან უახლოესი 1 თვის ჯავშნები 100%-ით გაუქმდა, ხოლო არაბული ქვეყნებიდან დაახლოებით, 50%-ით.
"ამ ეტაპზე, ჯავშნები არ გაუქმებულა იმ ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ფრენები ისევ არის. სასტუმროში ევროპიდან და ამერიკიდან სტუმრები წლებია არ ყოფილან. რაც შეეხება ადგილობრივებ - ჯერ აქტიური სეზონი არ არის, დაახლოებით, ივლისისდან დაიწყება და დავაკვირდებით სიტუაციას. ამ ეტაპზე, სასტუმრო 30%-იანი დატირთვით მუშაობს", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რთულია შეფასება რამდენი პროცენტის შემცირდა სასტუმროს გაყიდვები და აღნიშნული მაჩვენებლის შეფასება, სავარაუდოდ, 1 თვეში იქნება შესაძლებელი.
გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, სასტუმროს მენეჯმენტი აკვირდება სიტუაციას და იმედვნებს, რომ ირან-ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტი მალე შეწყდება.
"თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა მოგვიწევს ალტერნატიულ ბაზრებზე ვიფიქროთ, მაგრამ ფრენები თუ არ აღდგა ფიზიკურად ვერ ჩამოვა სტუმარი. შესაბამისად, ახლა მთავარია ფრენები აღდგეს", - აცხადებს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ.