კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 456.90 მილიონი ლარით (0.71%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.06%-ით გაიზარდა) და მაისის ბოლოს 64.67 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.07% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 508.92 მლნ ლარით (1.40%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 52.02 მლნ ლარით (0.19%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.62%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.62 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.95%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.48 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.46%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.34 %-ით მეტი).
2025 წლის მაისის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 412.52 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 33.31 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.13% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.386 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით).