ვფიქრობ, ირან-ისრაელის ომი ჩვენს ტურისტულ სექტორს ძალიან მალე არ დაეტყობა. ჯერჯერობით ჯავშნები არ გაუქმებულა, - ამის შესახებ გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიმდინარე თვეში მოთხოვნა დუბაიდან, ინდოეთიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან არის.
"შესაძლოა ომის გავლენა მომდევნო თვიდან აისახოს, თუმცა ამ ეტაპზე ტურისტული ნაკადების შემოსვლა არ გაუქმებულა. მაისი ძალიან რთული თვე იყო, ხოლო რაც შეეხება ზაფხულის სეზონს - კარგად დაიწყო და გვინდა, რომ სრული დატვირთვით ვიმუშაოთ", - აცხადებს ირაკლი ერისთავი.
მანვე აღნიშნა, რომ ნაკლები მოთხოვნაა ადგილობრივების, ქართველების მხრიდან და მათი სტუმრების უმრავლესობა უცხოელია.
სასტუმროს დამფუძნებლის განცხადებით, გუდაურში ისევ მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ტროტუარები, კანალიზაციის სისტემა და ა.შ.
ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.