სამწუხაროდ, საქართველოში წყალქვეშა დაივინგის მიმართ დაინტერესება არ არის, - ამის შესახებ დაივინგ ტურის მყვინთავმა თემურ დიმიტრაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაივინგის განვითარებისთვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მათ შორის, გემის ჩაძირვა, ქანდაკებების ჩადგმა და ა.შ, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
"მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა ბათუმის ბულვარშიც გვაქვს განთავსებული, ინტერესი არ არის. ჩვენ წინა წელს 4-5 მომხმარებელი გვყავდა და არც შარშან არ იყო მოთხოვნა. სანახაობრივად, შავი ზღვა არ არის ისეთი, რომ მომხმარებელი გაოცებული დარჩეს და სწორედ ამიტომ, საჭიროა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობა. მიუხედავად ამისა, ვინც კი გამოსცადა დაივინგ ტური ყველა აღფრთოვანებული იყო, რადგან ნამდვილად ძალიან ლამაზია წყალქვეშა სამყარო და ზოგადად, დაივინგი ძალიან საინტერესო და ექსტრემალური ატრაქციაა, რომლის განვითარება შესაძლებელია, თუმცა დიდ ხარჯებთან ასოცირდება.
ჩვენ 4-5 ადამიანის მიღება შეგვიძლია ერთდროულად და დაივინგ ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ციხისძირში ვართ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე მომხმარებლები გონიოსა და სარფშიც მიგვყავს. ჩაყვინთვამდე მომხმარებლებს ინსტრუქციას ვაძლევთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ტური. წყალქვეშ დაახლოებით, 35-40 წუთი გრძელდება მოგზაურობა", - აცხადებს თემურ დიმიტრაძე.
ცნობისთვის, დაივინგ ტურმა ციხისძირში ფუნქციონირება წინა წელს დაიწყო.