logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მენეჯმენტი ADP Group-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მენეჯმენტი ADP Group-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

1750420557

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი პარიზში 55-ე საერთაშორისო ავიაშოუს ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის, ADP Group-ია (Aéroports de Paris) გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ფილიპ პასკალს შეხვდნენ.  შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო საინვესტიციო გეგმები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მენეჯმენტმა შეხვედრები პარიზის ლე ბურჟეს ავიაშოუს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით გამართა. ADP Group-ის  გენერალურ დირექტორთან  შეხვედრას ქართულ მხარესთან ერთად, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ADP Group-ის გენერალური დირექტორის მხრიდან  მზადყოფნა  გამოითქვა ვაზიანის აეროპორტის ოპერირებაში შესვლამდე განახორციელონ მსხვილი მოცულობის ინვესტიცია თბილისის  მოქმედ აეროპორტში, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა მზარდი ნაკადების შეუფერხებელ  მართვას, ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ასევე, აეროპორტის მიერ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით საიმედო და მდგრად ფუნქციონირებას.

„ADP ჯგუფსა და საქართველოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ჩვენი კომპანიის, TAV Airports-ის მეშვეობით, რასაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგებიც მოჰყვა. ეს მიღწევები ნათლად აისახა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების წარმატებულ განვითარებაზე. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში აეროპორტების განვითარების სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ,“ - განაცხადა ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პასკალმა.

ADP Group საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში 26 საერთაშორისო აეროპორტს მართავს და ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ჰოლდინგს წარმოადგენს. TAV Airports-ი, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP Group-ის გაერთიანებაში შედის.

ქართული მხარის მიერ დადებითად შეფასდა ის ინვესტიციები, რასაც ADP Group-ში შემავალი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 20 წლის მანძილზე ახორციელებს, რამაც თავის მხრივ, დადებითი წვლილი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებაში.

„მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მზად ვართ, ვაზიანის ახალი აეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები თბილისის მოქმედ აეროპორტში. ამის მიზანი ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადი ფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურად მოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს“, - აღნიშნა TAV Airports - ის პრეზიდენტმა.

International Paris Air Show არის პლატფორმა ახალი ტექნოლოგიების წარსადგენად, მომავალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად და პოტენციური ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე აერონავტიკისა და კოსმოსური ინდუსტრიის მომავლის განსახილველად. Paris Air Show მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი ავიაშოუა, რომელიც ყოველწლიურად პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში ტარდება. ღონისძიებას 48 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

გამოგვყევით