„საქართველოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, აღარაფერს ვამბობ ჰიდროენერგეტიკაზე, რომელიც დომინანტია ჩვენს გენერაციაში. გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საინვესტიციო კუთხით და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ცდილობენ უფრო მეტი მიზიდულობის ცენტრად იქცნენ და გახდენ ენერგორესურსების სავაჭრო ჰაბები, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნია და ესეც მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე სახელწოდებით „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ წარმოდგენილი იყო საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა, გადამცემი ქსელის განვითარება, ბაზრის რეფორმის მიმოხილვა, კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ სექტორში არსებული აქტუალური საკითხები.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკის მიმართულება უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი სწორად განვითარების გარეშე ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი ზედმეტია. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სწორად, მდგრადად, გრძელვადიანად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარის მოსმენა, პოზიციების შეჯერება და ამის ასახვა ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რომელიც ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული და მას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა წარმატებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, არის იმ შემთხვევაში წარმატებული, თუ ის გაზიარებულია სხვადასხვა მხარის მიერ და შეჯერებულია ძირითად აქტორებთან.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც, ენერგეტიკაში ბოლო წლებში ძირითადი ინვესტორები იყვნენ კერძო ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, მომავალშიც დიდია დაინტერესება კერძო ინვესტორების მხრიდან და შესაბამისად, მათთან გაზიარებული პოლიტიკა იქნება სწორი პოლიტიკა.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გენერაციის ობიექტების წარმატებით განვითარებაში. მისი შეფასებით, აქ უმნიშვნელოვანესია განვითარება და კოორდინირებული მოქმედებები სინქრონულად.
„ეს კოორდინაცია გასაუმჯობესებელია მომავალში და ვფიქრობ, უფრო კოორდინირებული პოლიტიკით შევძლებთ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა თანხვედრაში კერძო ინვესტორების საინვესტიციო გეგმებთან. ასევე გვესმის, რომ როცა ვსაუბრობთ განახლებადი წყაროებიდან ენერგოობიექტების ინტეგრაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის შენახვის ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - იგეგმება 200 მეგავატიანი ბატარეების შეძენა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოვაცხადებთ ტენდერს. დაფინანსება მიღებულია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, ამას წინ უძღოდა ორწლიანი კვლევითი სამუშაოები, რომელიც წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის სტაბილურობას“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
თავის გამოსვლაში ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე არსებულ შესაძლებლობებს, გახდეს მათ შორის, მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. მინისტრის შეფასებით, ის შეიძლება იყოს ციფრული დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ციფრული კუთხითაც. ლევან დავითაშვილის თქმით, გლობალურად ენერგოინტენსიური წარმოებების, დატა ცენტრების, ხელოვნური ინტელექტის ცენტრების, მრეწველობის ზრდის პირობებში ელექტროენერგიაზე მოხმარება სულ უფრო იზრდება, ხოლო ისეთი დარგები, როგორიც არის, მაგალითად, ცემენტის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ასევე ფოლადის წარმოება, იწყებენ მწვანე, განახლებადი ენერგიების გამოყენებას, რაც, მინისტრის აზრით, მომავალში კიდევ უფრო აქტიური მიმართულება იქნება. მისივე განცხადებით, მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირი, ახალ რეგულაციებს და სავაჭრო წესებს აწესებენ, რომ ასეთი დარგები, მეტწილად, დამოკიდებული იყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენებაზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.