logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ირან-ისრაელის ომის გამო, ისრაელიდან ჯავშნები სრულად გაგვიუქმდა - Nika Hotel and Club

ირან-ისრაელის ომის გამო, ისრაელიდან ჯავშნები სრულად გაგვიუქმდა, - ამის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარე სასტუმროს Nika Hotel and Club  ხელმძღვანელი ლარისა გავრილიუკი ''ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე რთული სიტუაციაა, ძალიან ბევრ სასტუმროს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მუშაობდნენ ჯავშნები თითქმის ყველას გაუუქმდა და ახალი, წინასწარი ჯავშნები აღარ შემოდის.

"წლევანდელი ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყო, თუმცა ომის შედეგად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა მოთხოვნა. ჩვენ ძირითადად ისრაელის და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ვმუშაობდით. 10 ივლისამდე ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა. ბოლო პერიოდში, ჩვენი სტუმრები ყაზახები იყვნენ და აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით, ასევე შემცირებულია ევროპელი დამსვენებლების რაოდენობა, მათ შორის, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ა.შ.", - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

სასტუმროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათ ახალი ბაზრების მოძიება დაიწყეს, რადგან არსებული სიტუაცია შეცვალონ. 

"იმედი გვაქვს, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდება, ფრენები აღდგება და ვიზიტორები ისრაელიდან ისევ ჩამოვლენ. ზაფხული აქტიური ტურისტული სეზონია და დატვირთვა მეტ-ნაკლებად გვექნება და ახალი ბაზრების მოძიებასაც შევძლებთ. მაგრამ ზამთარში ვერ გეტყვით. ჩვენთან ზამთარშიც ჩამოდიოდნენ ისრაელიდან ტურისტები და არ ვიცი ახლა როგორ იქნება, იმედი გვაქვს ეს ომი მალე დასრულდება და ფრენები აღდგება", - აცხადებს ლარისა გავრილიუკი. 

ცნობისთვის, Nika Hotel and Club -ის პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. პირველი სტუმარი ტურისტულმა ობიექტმა 2023 წლის აგვისტოში მიიღო.  სასტუმრო კომპლექსში  10 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

გამოგვყევით