სს "თელასისთვის" 2025 წელი, წინა წლის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების განხორციელების კუთხით, უფრო მასშტაბური იქნება.
როგორც "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა, მამუკა ქობალიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, კომპანიას რამდენიმე მაღალი ძაბვის ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი აქვს, რაც ავარიული გათიშვების მასშტაბურობას შეამცირებს.
"თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ქვესადგურის - კრწანისის მშენებლობა, ისანი- სამგორის რაიონების განტვირთვას ხელს შეუწყობს.
"კომპანიას დაგეგმილი აქვს, რამდენიმე მაღალი ძაბვის ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია, რომ ავარიული გათიშვების მასშტაბურობა შევამციროთ. შესაბამისად, ამ ქვესადგურების განაწილების ზონაში დაგეგმილია, სხვადასხვა, გამანაწილებელი ქსელის ელემენტების შეცვლა, როგორიცაა საკაბელო მეურნეობა - მიმდინარე წელს დაგეგმილია, ქალაქის სხვადასხვა, უბნებში 44 კმ-ის შეცვლა. მათ შორის გვინდა - მაღალი ძაბვის ქვესადგურების საბურთალო ერთის შეცვლა, დიღომი ერთის სრული რეკონსტრუქცია, ტაბახმელის ქვესადგურის რეაბილიტაცია და ა.შ. ასევე, პრობლემური ზონა იყო: კრწანისის რაიონის ზედა მხარის განვითარება, სადაც ჩვენ მიწის ნაკვეთი ქალაქის მუნიციპალიტეტიდან შევიძინეთ და უკვე ახალი ქვესადგურის - კრწანისის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ამ ტერიტორიაზე განაშენიანების მოთხოვნის სიმძლავრეს სრულად დააკმაყოფილებს. ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ელექტროენერგიის განაწილების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო, ამ ზონის განვითარებას, არამედ ისანი - სამგორის რაიონების განტვირთვას, რომელიც თავის დროზე პრობლემური იყო. აღნიშნული პროექტი ამ წელს დასრულდება", - აღნიშნავს მამუკა ქობალია.
მამუკა ქობალიამ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, თბილისში მაინც რჩება - ლოკალური, კონკრეტული უბნები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
"მთავარი შედეგის მისაღწევად, საჭირო ყველა ღონისძიება კომპლექსურად დაიგეგმოს. საკმაოდ პრობლემური იყო - დიდი დიღმის დასახლების ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება, რომლის გამოც დაიგეგმა და სრულად განხორციელდა დიღომი 2 ქვესადგურის რეკონსტრუქცია. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ტრანსპორტირების გზაზე, საბოლოო მომხმარებლამდე მრავალი კომპონენტი მონაწილეობს, მათ შორის, ძირითადად - საკაბელო ხაზები, რომლითაც ელექტროენერგია მომხმარებლებს მიეწოდება. აღნიშნული ტერიტორია, ინტენსიური განაშენიანების ადგილია, საკმაოდ სწრაფად მზარდი, შესაბამისად, ახალი საკაბელო ქსელებისთვის ელექტრონული კორიდორების მოძებნა საკმაოდ რთულია. ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით, მოვინიშნეთ ადგილები, სადაც შეიძლება, ახალი გამანაწილებელი პუნქტები დაიდგას, მათ შორის, შეიცვალოს საკაბელო მეურნეობა, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პროექტი განხორციელდა კონკრეტულად, დიდი დიღმის მაგალითზე მაინც ჩნდება - ლოკალური, კონკრეტული უბნები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. აღნიშნული პროცესი დაგეგმილი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება", - აღნიშნავს "თელასის" ტექნიკური დირექტორი.