"საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი სწორედ ენერგეტიკაა, აღნიშნული მიმართულებით, უკიდურესად მნიშვნელოვანი პროდუქტის გენერირების შესაძლებლობა გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
როგორც მაია მელიქიძე აღნიშნავს, ნამახვანი, ნენსკრას და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან საქართველო, პირველ რიგში, ენერგოდამოუკიდებელი გახდეს.
"უკიდურესად მნიშვნელოვანი პროდუქტის გენერირების შესაძლებლობა გვაქვს. შეგვიძლია თავადაც მოვიხმაროთ და ექსპორტზეც გავიდეთ. ახლა ძირითადად ინვესტიციების განხორციელება ქსელურ კომპანიებში ხდება. აღნიშნული, რა თქმა უნდა, კარგია, გადამცემი ხაზები უმჯობესდება და ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ რაიონებსა და რეგიონებში გარკვეული გამოწვევები არსებობს. კერძოდ, პერიოდულად გათიშვები ხშირია ხოლმე. სწორედ ეს ინვესტიციებია, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ემსახურება.
ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, სხვადასხვა მიმართულების განვითარებას. აუცილებლად უნდა აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი - ჯამში სამივე ერთად, 1417 მეგავატია. ვიმეორებ, აუცილებლად უნდა აშენდეს, თუ ჩვენ გვინდა - ელექტრო დამოუკიდებლები და ექსპორტიორები გავხდეთ. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რაც დღეს ქვეყანას აქვს", - აღნიშნავს მაია მელიქიძე.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ინვესტიციების განხორციელება ჯერ მზის მიმართულებითაა საინტერესო.
"მინდა გითხრათ, რომ დიდი გულშემატკივარი ვარ, რომ ინვესტიციების განხორციელება გენერაციების მიმართულებით მოხდეს.
ასევე მზის ელექტროსადგურების მშენებლობა მისასალმებელია, ქარის ელექტროსადგურებიც საინტერესოა, მაგრამ გულისტკივილი უნდა გამოვთქვა ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით. რატომ გახდა მზე საინტერესო?! პირველ რიგში, ტარიფის გამო. კალკულაცია ამტკიცებს, რომ ინვესტიციების განხორციელება ჯერ მზის მიმართულებითაა საინტერესო, შემდეგ მოდის ქარი და ბოლოს კი ჰიდროელექტროსადგური. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქარი და მზე ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროელექტროსადგურს", - აცხადებს მაია მელიქიძე.