საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა დაიწყო. მეტიც, აღნიშნული ქვეყანა უკვე მანქანების რეექსპორტიორთა ათეულშია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა, სირია საქართველოსთვის, შესაძლოა, საინტერესო ბაზარი აღმოჩნდეს და ის ალტერნატივად უნდა განვიხილოთ.
„თუმცა, საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება და გაგება, რაზე არის მოთხოვნა სირიაში და რამდენად მოგებიანი იქნება ეს ბაზარი ქართველი დილერებისთვის“, - განმარტა ნონიაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში სირიაში საქართველომ 594 ათასი დოლარის ღირებულების 70 ერთეული მანქანა გაყიდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ საქართველოდან სირიაში ავტოექსპორტი ბოლოს 2018 წელს განხორციელდა. მაშინ, რეექსპორტზე მხოლოდ 4 ცალი მსუბუქი ავტომობილი გავიდა.
სირიის გარდა, ავტოექსპორტის ღირებულებაში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც. 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 754 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად, ღირებულებაში 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია, სადაც საანგარიშო პერიოდში 408 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა. მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებს 219 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აზერბაიჯანია.
რაც შეეხება ავტოიმპორტს, ასევე იანვარ-აპრილის მდგომარეობით, საქართველომ თითქმის 1 მლრდ დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განახორციელა. კერძოდ, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოში 966 ათასი დოლარის ღირებულების 55 ათასი ერთეული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა. ეს ღირებულებაში, დაახლოებით, 10%-იანი ზრდაა, რაოდენობრივად კი 6%-იანი კლებაა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი საიმპორტო ბაზარი აშშ-ია, საიდანაც ქვეყანაში მანქანების 90% ჩამოდის. მეორე და მესამე პოზიციაზე კი გერმანია და იაპონია იმყოფებიან.