logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2024 წელს საქართველოში 131 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - "საქსტატი"

2024 წელს საქართველოში 131 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - "საქსტატი"

1750059785

2024 წელს საქართველოში 131 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 17.6 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 16.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

"საქსტატის" ცნობით, 2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 520.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 30.6 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 69.4 პროცენტი – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 243.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2024 წლის განმავლობაში 63 020.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0 პროცენტი – ფრინველის, 33.9 პროცენტი – ღორის, 1.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 728.2 ტონა, საიდანაც 30.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 5.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, ხოლო 63.5 პროცენტი – ღორის ხორცზე. 2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30.6 ათას პირს, საიდანაც 53.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1 113 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 38.1 ლარი, ცხვრის ან თხის – 14.9 ლარი, ღორის – 30.8 ლარი.

სასაკლაოების თითქმის ნახევარი (49.6 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 46.6 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, 3.8 პროცენტი კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 66.4 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 33.6 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.4 პროცენტს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 25.0 პროცენტს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.6 პროცენტს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.

2024 წელს საქართველოში 387 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (59.7 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: ქ. თბილისში (11.1 პროცენტი), კახეთში (9.8 პროცენტი), ქვემო ქართლში (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), აჭარის არ-ში (3.1 პროცენტი), გურიაში (1.0 პროცენტი), მცხეთამთიანეთში (0.8 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთში (0.5 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.3 პოცენტი) რეგიონში.

2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 509 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 289 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 964 კაცით განისაზღვრა

2024 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 340.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.8 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.8 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.7 პროცენტი – თევზეული, 7.8 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.6 პროცენტი ეკავა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი შეადგინა.

2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 544.0 მლნ. ლარის ღირებულების (96.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (48.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 46.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (31.8 პროცენტი) და თევზეული (10.3 პროცენტი) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3.3 პროცენტი (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (59.2 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (29.9 პროცენტი) წარმოადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.2 პროცენტს, თებერვალში – 51.4 პროცენტს, მარტში – 51.0 პროცენტს, აპრილში – 49.8 პროცენტს, მაისში – 57.6 პროცენტს, ივნისში – 47.8 პროცენტს, ივლისში – 55.0 პროცენტს, აგვისტოში – 58.5 პროცენტს, სექტემბერში – 49.7 პროცენტს, ოქტომბერში - 58.7 პროცენტს, ნოემბერში – 57.7 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.0 პროცენტს. სამაცივრე მეურნეობების 63.6 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 32.8 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 3.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.0 პროცენტი. აქედან, 51.3 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 45.4 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 3.3 პროცენტს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

2024 წელს საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (25.6 პროცენტი) და კახეთის (23.1 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.8 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.8 პროცენტი – ქ. თბილისში, 7.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 5.1 პროცენტი – გურიის რეგიონში.

2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 118 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 441 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 464.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 61.3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, 19.1 პროცენტს – სოიოს შროტი, 8.2 პროცენტს – ხორბლის ფქვილი, 8.0 პროცენტს – სიმინდი, დანარჩენ პროდუქციას კი უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 2024 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 326.3 მლნ. ლარის ღირებულების 280.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32.9 პროცენტი (ღირებულების მიხედვით) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი შეადგინა. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის ღირებულების 81.8 პროცენტი) და ქატო (11.9 პროცენტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.2 პროცენტს, თებერვალში – 48.4 პროცენტს, მარტში – 46.7 პროცენტს, აპრილში – 48.3 პროცენტს, მაისში – 47.1 პროცენტს, ივნისში – 46.3 პროცენტს, ივლისში – 51.4 პროცენტს, აგვისტოში – 47.5 პროცენტს, სექტემბერში – 49.3 პროცენტს, ოქტომბერში – 54.7 პროცენტს, ნოემბერში – 54.2 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 53.1 პროცენტს. ელევატორების 46.2 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.5 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 15.4 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს ელევატორების 41.0 პროცენტი, რომელთა ნახევარს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 37.5 პროცენტს – საბრუნავი კაპიტალისათვის, 12.5 პროცენტს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.

გამოგვყევით