2025 წელს გაყიდვების, დაახლოებით, 35%-იანი ზრდით ვხურავთ - ამის შესახებ "ლოლი პოპ კარამელსის" დამფუძნებელმა ლიდა სარქისიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია მუდმივად ვითარდება და 2026 წლიდან, ასორტიმენტის გაზრდასა და ქსელურ მარკეტებში შესვლაზე იმუშავებს.
"2024 წელთან შედარებით, უკეთესი წელი იყო. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. მიმდინარე წელს, დავამატეთ სხვადასხვა დიზაინის და შემადგენლობის შოკოლადი, რამაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
სხვადასხვა პერიოდში თემატურ დიზაინს ვთავაზობთ მომხმარებლებს. მაგალითად ახალ წელს გაყიდვები დაახლოებით, 40%-ით იზრდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი მომხმარებლების უფრო მეტი წილი კორპორატიული სეგმენტია. ჩვენი პროდუქციის 80% ონლაინ იყიდება”, - აცხადებს ლიდა სარქისიანი.
სტარტაპი „ლოლო პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაფუძნდა. კომპანია პროდუქციას თბილისში არსებულ მცირე საწარმოში ამზადებს. ამ დროისთვის კომპანია 17-ზე მეტი დასახელების კანფეტს, მათ შორის, ლოლიპოპსებს, ქეიქპოპსებს, ზეფირს, პასკებსა და შოკოლადებს აწარმოებს.