უწერაში RADISSON-ის ბრენდის სასტუმროში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაშია. პარალელურად, დასახლებაში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტიც, ობიექტის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოხდება მისი გაზით უზრუნველყოფაც.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს გახსნის კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, სასტუმროს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულები არიან როგორც უწერის მცხოვრებლები, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისა თუ ქალაქების მოსახლეობა.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას. კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი სწორედ აღნიშნულ სოფელშია. არსებული ინფორმაციით, სასტუმრო 85-ნომრიანი იქნება.