“დაახლოებით 50 სტარტაპია ჩვენს მიერ დაფინანსებული, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე არიან გასული და გეოგრაფიული მოცვის არეალი საკმაოდ დიდია,” - ამის შესახებ, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ იმას თუ როგორ ვითარდება GITA-ს მიერ დაფინანსებული სტარტაპები, მათი რიცხვი 300-მდეა.
“მაგალითად, ერთმა ქართულმა სტარტაპმა, რომლის სახელსაც ვერ დავასახელებ საინვესტიციო კაპიტალი 350 მილიონი დოლარის ოდენობით გამოაცხადა. შესაბამისად, როგორც კი დაიხურება საონვესტიციო წინადადება, რა თქმა უნდა, საჯარო გახდება ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ სტარტაპ ეკოსისტემის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ თუ მიზანი გვექნება რომ 10%-ზე მეტი სტარტაპი იყოს წარმატებული, მაშინ უნდა შევამციროთ სარისკო ბიზნესში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა და გავფილტროთ “გიჟური” ინოვაციური იდეები და ამ შემთხვევაში ვიქნებით, როგორც ტრადიციული ბიზნესის დამფინანსებლები, რომელშიც რისკი მცირეა, თუმცა ზრდის ის პოტენციალი არ გააჩნია, რაც ინოვაციურ სტარტაპებს,” - ამბობს ავთანდილ კასრაძე.
მისი თქმით,როგორც კი დიდ ბაზრებზე გავლენ სტარტაპები, ისინი კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნიან.