2025 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიასთან შეთანხმებით და მის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, "თელასის" საინვესტიციო ვალდებულებებმა 105 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ს.ს თელასის ტექნიკურმა დირექტორმა მამუკა ქობალიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიციების უდიდესი ნაწილით ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიგეგმა, რაც რამდენიმე ქვესადგურის ძირეულ რეკონსტრუქციას მოიცავდა.
"ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია 2025 წელს კრწანისის ახალი ქვესადგურის მშენებლობაში განხორციელდა, რომლის მოცულობამ 24 მლნ ლარი შეადგინა. ეს არის კომპლექსური ენერგეტიკული პროექტი, რომელიც 2022 წელს დაიგეგმა და მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულის მშენებლობა „თელასს“ დაევალა. ამის მიზეზი მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო, ისეთ ტურისტულ და განვითარებად უბნებში როგორიც არის კრწანისი. შესაბამისად, ამ ქვესადგურით უზრუნველყოფილი იქნება ეს მზარდი მოთხოვნა.
გარდა ამისა, აღნიშნულის მშენებლობა დაკავშირებულია ელექტროენერგიის უმნიშვნელოვანესი კვანძის ხარისხის გაუმჯობესებაზე, როგორიც არის - „ორთაჭალჰესი“ - ტაბახმელა - სოლოლაკის კვანძი. შესაბამისად, გამოთავისუფლდება ელექტროენერგიის ნაწილი, რომელიც სამგორის და ორთაჭალის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოხმარდება“, - აცხადებს მამუკა ქობალია.
მანვე აღნიშნა, რომ 2026-2030 წლის განმავლობაში „თელასის“ საინვესტიციო ვალდებულებების სრული მოცულობა 400 მლნ ლარს შეადგენს.