ქართული წარმოების სამოსი შვედეთში გაიყიდება. შვედურ მხარესთან მოლაპარაკებებს ბრენდი KABA აწარმოებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გვანცა კვინტრაძემ განუცხადა, KABA-ს მინიმალისტური სტილი შვედი მომხმარებლების გემოვნებასთან თანხვედრაშია, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ ბაზარზე ქართული სამოსი 2026 წლიდან შევა.
ასევე მომდევნო წლიდან, KABA-ს ქსელი მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც გაფართოვდება.
„ვაპირებთ ჩვენი ფილიალების გახსნას რეგიონის სახელმწიფოებში. ერთ-ერთი პირველი სომხეთის ბაზარი განიხილება. გარდა ამისა, მომდევნო წელს მაღაზიები გაიხსნება თვითონ საქართველოშიც - სავარაუდო ქალაქებად ზუგდიდი და ქუთაისი მოიაზრება“, - აღნიშნა გვანცა კვინტრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ორივე ფილიალის მოწყობაზე, ჯამურად, 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტულად რომელი ქვეყანა, ასევე ქალაქი შეირჩევა და რა თანხის ინვესტიცია გახდება საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა, სახელწოდებით KABA რებრენდინგი ცოტა ხნის წინ დაასრულა და 2026 წლიდან მომხმარებელს განსხვავებული კონცეფციით წარუდგება, რაც ახალ ლოგოს, ფერებსა და ვიზუალს მოიაზრებს.